მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია AK Air Georgia-ს მმართველი ჰოლდინგი ინვესტორების შერჩევის პროცესშია

63fda64a44fdc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.23 11:28
1010
ადგილობრივი ავიაკომპანია AK Air Georgia-ს მფლობელ Service Air-ის ჰოლდინგის მენეჯმენტში ცვლილებებია. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად იგორ აფციაური დაინიშნა. კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ ადგილობრივი ავიაკომპანიის განვითარების გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მენეჯმენტში ცვლილებების გარდა, შესაძლოა მეწილეებში ცვლილებებსაც მოიცავდეს.

„დღეს კომპანია ცვლილებების პროცესშია და განვითარების ამბიციური გეგმები აქვს, რომელიც რამდენიმე ეტაპზეა გათვლილი. ის მოიცავს მენეჯმენტის და ასევე შესაძლოა, დამფუძნებლების ცვლილებასაც. რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ და ვიმედოვნებთ, ავიაციის სექტორში ზამთრის სეზონის დასრულებამდე, ანუ მარტის ბოლომდე პროცესები დასრულდება და ყველაფერი გასაჯაროვდება“, - აღნიშნა აფციაურმა.

მისი თქმით, ადგილობრივი ავიაკომპანია დარგისა და ბიზნესის განვითარებისთვის არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. იგორ აფციაურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ადგილობრივი ფრენების მიმართულებით ახალი რეისების დამატება იგეგმება, ასევე კომპანია ქვეყნის გარეთ, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნაზე მუშაობს; სტრატეგია სატვირთო გადაზიდვების დაწყებას, ნატახტრის აეროდრომის გაფართოებას და ფრენის შემსწავლელი სკოლის მოწყობასაც მოიცავს. კითხვაზე - ვინ ჩადებს კომპანიის განვითარებაში ინვესტიციას და იქნებიან თუ არა მათ შორის უცხოელები, იგორ აფციაური პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის კომპანია პოტენციური ინვესტორების შერჩევის პროცესშია და ჰოლდინგის მიმართ ინტერესი, რომელიც ნატახტრის აეროდრომის, AK Air Georgia-ს და Vanilla Sky-ს აერთიანებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან დიდია.

„ძალიან დიდი ინტერესია ნატახტრის აეროპორტის და ამ ჰოლდინგის მიმართ. ისინი ხვდებიან როგორი უნიკალური ადგილია ნატახტრის აეროდრომი თავისი ინფრასტრუქტურით და რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. ძალიან ბევრი მსურველია და ახლა მათი წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ველაპარაკებით რამდენიმე პოტენციურ ინვესტორს და ბოლო დეტალებზე შეჯერება მიდის. ეს ინტერესი ფიქსირდება როგორც ქვეყნის შიგნით მყოფი, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს რაღაც კომბინაცია იყოს, ან იყოს მხოლოდ ადგილობრივი.

ვიცით, რომ ავიაციაში წილების საკითხები მკაცრად რეგულირდება და მინიმუმ 51% საქართველოს მხარეს უნდა იყოს, 49%-ზე კი საშუალება გვაქვს უცხოელი ან ადგილობრივი ინვესტორი იყოს. როდესაც იმ სტრატეგიაზე შევჯერდებით, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს წარვუდგინეთ, შემდეგ ამაზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა AK Air Georgia-ს დირექტორმა.

იგორ აფციაურის შეფასებით, AK Air Georgia 20 წელზე მეტია ბაზარზე ფუნქციონირებს და შიდა ავიაციის და მცირე ავიაციის განვითარებაში დიდ ფუნქციას ასრულებს. „სექტორის განვითარებისთვის სწორედ ასეთი ტიპის კომპანიები და სერვისებია საჭირო“, - აცხადებს ის.