მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიასანქციები, ინფლაცია, პოლიტიკური არასტაბილურობა - "აჭარა ჯგუფი" 2019 წელს აჯამებს

5e0afb614759d
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.19 13:00
1237
ავიასანქციები, ინფლაცია, პოლიტიკური არასტაბილურობა - „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ BM.GE-ისთან საუბრისას ის ძირითადი ფაქტორები დაასახელა, რომელიც 2019 წელს ბიზნეს გარემოსთვის გამოწვევად იქცა.

„იყო ბევრი გამოწვევა - წლის დასაწყისში ღორის გრიპის გამო, რუსეთის ბაზარზე პანიკა გაჩნდა და ვერ მივიღეთ სტუმრების ის დაგეგმილი რაოდენობა, რასაც ველოდით; შემდგომ პერიოდში რუსეთიდან ფრენების გაუქმება მოხდა; რთული წელიწადი იყო იმ მხრივაც, რომ პოლიტიკურმა აქციებმა არასტაბილური გარემო შექმნა და ძალიან ბევრი კონფერენცია თუ ღონისძიება გაუქმდა; იმოქმედა ასევე ინფლაციამ, რომელიც ქვეყანაში იყო“, - ამბობს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

წლის შეფასებისას ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, 2019 წელი "აჭარა ჯგუფისთვის" პოზიტიური იყო.

„საბოლოო ჯამში, წელს პოზიტიურად შევაფასებ. ჩვენ მაინც შევძელით და ახალი სასტუმრო გავხსენით ბაკურიანში, მომავალ წელს კიდევ "რუმსის" ბრენდის სასტუმროს გახსნა გვაქვს დაგეგმილი ბათუმსა და აბასთუმანში.

ასევე, შევძელით დაგვეძლია ის გამოწვევები, რომელიც ავიასანქციების გამო გაჩნდა და ჩემმა ტურისტულმა კომპანიებმა ახალი ბაზრების ათვისება შეძლეს. ძალიან დაგვეხმარა საფრანგეთის ავიახაზების შემოსვლა და საფრანგეთიდან ახალი ტურისტული ნაკადი მივიღეთ. გერმანია იყო ყველაზე აქტიური წელს ჩვენთან მიმართებაში და წლის ბოლოს წამოვიდა ტაილანდი - ორგანიზებული ჯგუფები. ამასთან, ძალიან პოზიტიურია "რაინეარის' შემოსვლა, თან თბილისიდან ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, "აჭარა ჯგუფი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც აგრობიზნესის სფეროს განვითარებას და ცხოვრების კულტურის ამაღლებას ემსახურება. 2010 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელი "Holiday Inn" შემოიყვანა. ამასთან შექმნა თანამედროვე ქართული ბრენდების, როგორიცაა "Rooms Hotel" - თბილისში, ყაზბეგსა და ბაკურიანში, უმაღლესი კლასის "Stamba Hotel" და მოდური "Fabrika Hostel".