მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში Rooms-ის მეოთხე სასტუმრო გაიხსნა - რას სთავაზობს Rooms Batumi სტუმრებს?

სასტუმრო

ბათუმში, სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ მეოთხე სასტუმრო დღეს გაიხსნა. განთავსების ახალი ობიექტი ზღვისპირა ქალაქში კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ პროექტია.

120-ოთახიან სასტუმროში სტუმრებსა და დამსვენებელს მაღალი კლასის ამერიკული სასადილო უმასპინძლებს, სადაც ქართული და ამერიკული გასტრონომიის მიქსი იქნება წარმოდგენილი. სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ასევე ლობი ბარი, სადაც სტუმრებს კომფორტულ გარემოში დასვენება და მუშაობა შეეძლებათ.

ჰოლდინგში შემავალი „რუმსის“ სასტუმროების მმართველი კომპანია „რუმს ჰოტელის“ დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ BM.GE-სთან ახლად გახსნილი სასტუმროს დატვირთვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 120-ოთახიან სასტუმროში მხოლოდ 75 ოთახია მოქმედებს, რომელიც სასტუმროს გახსნის დროისთვის სრულად დაიტვირთა. სტუმრების 99% კი ქართველები არიან. ვალერი ჩეხერიას ამბობს, რომ დაახლოებით ერთ თვეში სასტუმროს ოთახები სრულად გაიხსნება.

„სასტუმროს 120 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი როგორც ბიუჯეტური, ასევე მაღალი კატეგორიის სტუმარზე. აქედან გამომდინარე მრავალფეროვანი მომხმარებლის მიღებას შევძლებთ.

გარდა იმისა, რომ გახსნილი ოთახების რაოდენობა სრულად დაიტვირთა, რამდენიმე კორპორაციულ კონფერენციასა და ღონისძიებაზე ჯავშანი უკვე გვაქვს. მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ იმ კომპანიებთან, რომლებსაც მუდმივად ჰყავთ სტუმრები, ასევე ფეხბურთის ფედერაციასთან, რადგან ბათუმის სტადიონი წლის განმავლობაში იტვირთება და ჩვენ ამ დროსაც ვგეგმავთ სტუმრების მიღებას. გარდა ამისა, რუმსს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ბრენდს როგორც ადგილობრივები ასევე უცხოელებიც იცნობენ, რაც ქსელის ფარგლებში ტურის გაყიდვის საშუალებას იძლევა. მაგალითად ყაზბეგის შემდეგ თბილისი, ბათუმი და შემდეგ ბაკურიანი“, - აღნიშნავს ჩეხერია.

თუმცა „რუმს ბათუმის“ განვითარება ამით არ სრულდება, მენეჯმენტი 2024 წლის გაზაფხულიდან სასტუმროში სხვადასხვა სერვისის დამატებას გეგმავს.

„მომდევნო წელს გაზაფხულზე სასტუმროს შენობის სახურავზე „რუმს ქიჩენის“ სეზონური რესტორანი გაიხსნება. აქ მეტ ორიენტირს თევზზე გავაკეთებთ. გვექნება დიდი ბარი, აუზი და სამასაჟე ოთახები.

წელს რუმს ბათუმში განთავსების საშუალო ღირებულება 135 დოლარი იქნება, თუმცა მომავალი წლიდან მას შემდეგ, რაც ყველა სერვისი ამოქმედდება, საშუალო წლიური ფასი დაახლოებით 165 დოლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა „რუმს ჰოტელის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები