მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: ძალიან დიდი ალბათობით, ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნება გაუჭირდება

5fab9b778988d
თელარა გელანტია
11.11.20 12:04
1699
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელებას ითხოვს. BAG თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ:

I. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;

II. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ პანდემიის დაწყებიდანვე ასოციაცია ჩართული იყო და მიესალმა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. ამასთან, საგადასახადო შეღავათები დროში შემოისაზღვრა და ისინი გათვლილი იყო პანდემიის პირველი ტალღის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებაზე. იმ პერიოდში შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდა ბიზნეს ოპერატორების წინაშე შემოდგომაზე, ანუ პანდემიის მე-2 ტალღის დროს წამოჭრილ ახალ სირთულეებს. უფრო მეტიც, დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.

როგორც უკვე აღინიშნა, დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს ასევე ზოგადად საზოგადოებას.

რაც შეეხება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს სექტორი პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია და იგი პრაქტიკულად გაჩერებულია. ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიათა უმრავლესობას (მიუხედავად იმისა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის არის კომპანია) საკმაოდ მწვავე ხასიათის პრობლემები შეექმნებათ თუ ისინი ამა წლის 1 დეკემბერს დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე დადგებიან“, - აცხადებენ BAG-ში.