ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, აბსოლუტურად ბუნებრივი ფორმით ბიზნესი და ხელისუფლება ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მისივე თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ. არის წინაპირობა იმისა, რომ გააქტიურდნენ ეკონომიკური სუბიექტები და მეორე მხრივ, ბიზნესი და ბიზნესის აქტივობის აქსელერაცია მოაქვს საბოლოო შედეგად.
„ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და ბიზნესი შევძლებთ, რომ თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს ეკონომიკაში, საბოლოო შედეგად ეს მოგვცემს ბევრად ძლიერ ბიზნეს კომპანიებს. ძლიერი ბიზნესი კი ნიშნავს დამატებით ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს. სწორედ ძლიერი, ფინანსურად მდგრადი ბიზნესები არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას საქართველოში, ახდენენ ინოვაციების დანერგვას, ახდენენ ნოუჰაუს დანერგვას საქართველოში.
საბოლოოდ, ამას იქამდე მივყავართ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან გაიზარდა ბოლო რამდენიმე წელში, ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი თანხა შევა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში, რაც ნიშნავს უფრო მეტ ასიგნებას განათლების სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში და საბოლოო ჯამში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში. უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა, რაც არის თანამედროვე ცივილური ქვეყნის წარმატების საწინდარი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებზე და მათ მნიშვნელობაზე ბიზნესისთვის. თუმცა სოსო ფხაკაძის თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ის ციფრები, რომელსაც ბიზნესმენები ყოველ დღე უყურებენ საკუთარ ორგანიზაციებში.
„ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის რეტრანსლირება მოხდა ჩვენს შემოსავლების ზრდაში და კომპანიების ეკონომიკური მოგების ზრდაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.