საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში დადგინდეს მინიმალური ხელფასი, რომელიც საშუალო ანაზღაურების 40% იქნება. 2025 წლის ყოველთვიური საშუალო ხელფასის (2 283 ლარი) გათვალისწინებით, ეს თანხა 913 ლარს შეადგენს.
GTUC-ის გათვლებით, მინიმალური ხელფასის შემოღების შემთხვევაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს ჯამურად 977 მილიონი ლარის გაღება მოუწევთ. თუმცა, ჯერჯერობით დათვლილი არ არის, რა წილი მოდის ბიზნესზე და რა - საჯარო სექტორზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ეს თანხა წლიური მთლიანი სახელფასო ფონდის მხოლოდ 2.88%-ია, შესაბამისად, კერძო და საჯარო სექტორისთვის დიდი წნეხი არ იქნება.
“ველოდებით, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციებისგან დაცლილი, მოქალაქეთა სოციალურ ინტერესებზე მორგებული კანონპროექტი იქნება მიღებული. თუ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს, პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მათ, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უარს ეუბნება ღირსეულ არსებობაზე”, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია
როგორც ცნობილია, საქართველოში ამჟამად კვლავ 1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი მოქმედებს, რომელიც თვეში 20 ლარია - ამ რიცხვს დღეს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს.

რაც შეეხება საჯარო სექტორს, აქ დასაქმებულთა საბაზო ანაზღაურება 2026 წლის მდგომარეობით, თვეში 1 600 ლარით განისაზღვრება, თუმცა ტერმინი "საჯარო მოსამსახურე" ავტომატურად არ გულისხმობს ყველას, ვინც საჯარო სექტორში არის დასაქმებული. მაგალითად აქ არ შედიან პედაგოგები, სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული ტექნიკური პერსონალი და დამლაგებლები, ასევე მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები და სსიპ-ებსა და აიპ-ებში სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულები.
რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 1000-ლარამდე ხელფასი?
PMCG-ის „დასაქმების თრექერის” თანახმად, 2026 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებდნენ, თითქმის 3%-ით გაიზარდა და 1 024 350 შეადგინა. იმავე თვეში იმ დასაქმებულთა წილი, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ, 11% იყო. ყველაზე მაღალ კატეგორიაში (2 400 ლარზე მეტი) დასაქმებულთა 41% დაფიქსირდა, ხოლო 600-დან 1 199 ლარამდე ხელფასი 17%-ს ჰქონდა (დაახლოებით 174 000 ადამიანს).
BMG-მ შემოსავლების სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით დაიანგარიშა, რომ მიმდინარე წლის ივლისში 1 000 ლარამდე ხელფასი 217 557 ფიზიკურ პირს დაერიცხა, ხოლო ჯამურმა დასაბეგრმა შემოსავალმა 122 მილიონი ლარი შეადგინა.
მინიმალური ხელფასის დადგენის ინიციატივა - პროფკავშირების არგუმენტები
რატომ არის აუცილებელი საქართველოში მინიმალური ხელფასის დადგენა? რამდენად მზად არის საქართველოს ეკონომიკა და კერძო სექტორი ამ ცვლილებისთვის და ხომ არ გამოიწვევს მინიმალური ხელფასის ზღვრის მკვეთრი ზრდა დასაქმების შემცირებას ან ჩრდილოვანი ეკონომიკის გაფართოებას? - ამ და სხვა კითხვებს BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურმა მდივანმა უპასუხა.
„საქსტატის თანახმად, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 283 ლარია, ამაზე ნაკლები ხელფასი საქართველოში აქვს დასაქმებულთა 7%-ს, რაც დაახლოებით, 67 000 ადამიანია. 913 ლარზე ნაკლები ხელფასი კი, 209 000 ადამიანს აქვს. მარტივი კითხვა ისმის: თუ არა მინიმალური ხელფასი, სხვა რა ჯადოსნური კვერთხი არსებობს ამ ადამიანების პრობლემის გადასაჭრელად?! რას ვპასუხობთ ამ 209 000 ადამიანს, რომელსაც სახელმწიფო ეუბნება, რომ გადასარჩენად 283 ლარი სჭირდება?! ის, თუ რამდენად საკმარისია 283 ლარი, სხვა მსჯელობის საგანია… ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც ჯინის კოეფიციენტი (რომელიც 0.34-ს შეადგენს), ისე ფარდობითი სიღარიბე (17.3%) მხოლოდ ოთხი ერთეულით გაუმჯობესდა... რატომ არ ასახულა ბოლო წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებლებზე?!
საერთაშორისო ჭრილში საქართველოს პოზიცია საგანგაშოა. გლობალურ დონეზე საქართველოზე დაბალი მინიმალური ხელფასი (რომელიც დღემდე ფორმალურად 20 ლარია) მხოლოდ ოთხ აფრიკულ ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორის ბურუნდიში, რუანდასა და ტანზანიაში. რეგიონის მასშტაბით კი, სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც გეოპოლიტიკურ ჩიხშია და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას - მინიმალური ხელფასი ჩვენზე ბევრად მაღალია. პარალელურად ვხედავთ, რომ ბოლო წლებში საქართველოში თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუ ეკონომიკაში მეტი დოვლათი შემოდის, ის მოქალაქეებზეც ხომ უნდა აისახებოდეს?!“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური ხელფასის შემოღებაზე პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში დაუჭირა მხარი - იმ დათქმით, რომ განხილვა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გაგრძელდებოდა.
სამუშაო შეხვედრები იმართება როგორც დამსაქმებელთა ასოციაციასთან, ისე სამთავრობო ჯგუფებთან პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატთან - ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.
როგორც ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია ამ ეტაპზე პროცესის ბიზნესთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
ინტერვიუ ირაკლი პეტრიაშვილთან
- საქართველოში მინიმალური ხელფასის დადგენის ინიციატივით, მიმდინარე წლის დასაწყისში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოვიდა, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. პროფესიული კავშირების გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია იდენტური ინიციატივით გამოდიხართ და სამუშაო შეხვედრებს მართავთ. რამდენად ხედავთ პოლიტიკურ ნებას მთავრობის მხრიდან, რომ ქვეყანაში დადგინდეს მინიმალური ხელფასი?
- მთავრობა ამბობს, რომ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პრინციპული პრობლემა არ აქვს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის კომიტეტზეც აღინიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია გარკვეული რისკების დაზღვევა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურად მიგვაჩნია.
- ანუ რა შემთხვევაში დაუჭერს ხელისუფლება მხარს თქვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, თუ ის პარლამენტში განსახილველად შევა?
- აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ასეთი პოზიცია ჩამოაყალიბა: თუ სამმხრივ კომისიაში, სადაც ბიზნესი, დასაქმებულები და მთავრობა არიან წარმოდგენილნი, შეთანხმებას მიაღწევთ, ჩვენ პოლიტიკურად მზად ვართ, მხარი დავიჭიროთო.
- არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მთავრობა პასუხისმგებლობას თავს არიდებს?
- გარკვეულწილად - კი, თუმცა იყო ლოგიკური შენიშვნებიც, რომლებზეც მოგახსენებთ… დღეის მდგომარეობით, ინიციატივა გულისხმობს მინიმალურ ხელფასად 913 ლარის განსაზღვრას, რაც 2025 წლის საშუალო ხელფასის 40%-იანი ინდიკატორია. საშუალო ხელფასის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, ეს მაჩვენებელიც გაიზრდება - კანონპროექტის შეტანის მომენტში არსებულ მონაცემს ავიღებთ, შემდგომში კი ყოველწლიური გადახედვის მექანიზმი იმოქმედებს.
ამასთან, ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ყველას დაუყოვნებლივ 913 ლარი უნდა ჰქონდეს. ეს არის ქვედა ზღვარი - მინიმუმი. არსებობს სექტორები, განსაკუთრებით რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის სახით, სადაც შესაძლებელია დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება (მაგალითად, საწარმოებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარზე ნაკლებია). ჩვენი მიზანია მოქალაქეებს კეთილდღეობა შევუქმნათ და არა ის, რომ ისინი უმუშევრები დარჩნენ. სწორედ ამიტომ ვხსნით დისკუსიას ბიზნესთან, კანონმდებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შრომის ბაზრის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. თუ რაიმე შენიშვნა მისაღებია და ის ძირეულად არ დაანგრევს კანონპროექტს, მზად ვართ გავითვალისწინოთ… თუმცა არსებობს აბსოლუტური აქსიომა, რომელსაც ოპონირებას ვერავინ უწევს: საზოგადოებრივ ფენებს შორის უფსკრული იზრდება. თუ ვინმე თვლის, რომ ჩვენი მოთხოვნა მართებული არ არის, მოვიდეს და დებატებში დაგვიდასტუროს.
- 20-ლარიანი მინიმალური ხელფასის ნაცვლად 913-ლარიანი ხელფასის შემოღების ინიცირება მთავრობასაც შეუძლია და პარლამენტსაც, თუმცა ამას არ აკეთებენ. ვიცით, რომ ოპოზიციის ანალოგიური ინიციატივა ჩააგდეს კიდეც. როგორ ფიქრობთ, თავად რატომ არ დგამენ ამ ნაბიჯს?
- ისინი გვეუბნებიან: იმუშავეთ ბიზნესთან, გაუქრეთ შიშები და ჩვენ მზად ვართ მივიღოთო… ბიზნესს შიშები როგორ უნდა გავუქროთ - შელოცვილ შავტარიან დანას ვერ დავუდებთ ბალიშის ქვეშ; ციფრებში უნდა ჩაგვყვეს ბიზნესი და გვითხრას, რა პრობლემები ექმნება. შიშები ციფრებითა და არგუმენტებით უნდა გაქრეს. დამსაქმებელთა ასოციაცია, რომელიც როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენს, ესწრებოდა შეხვედრას და მათ თემატურ განხილვებთან თუ კანონპროექტთან პრობლემა არ ჰქონიათ…
ავიღოთ, მაგალითად, ქსელური სუპერმარკეტები. თუ დავუკვირდებით მათ წლიურ მოგებას და შევადარებთ იქ დასაქმებული ხალხის მძიმე მდგომარეობასა და ხელფასებს, აშკარა დისბალანსს დავინახავთ. ფასების კომისიის სხდომებზე ბიზნესმენებს უამრავი შეკითხვა დაუსვეს, მაგრამ არავის უკითხავს, რა იყო მათ ბიზნესში ხელფასების ხვედრითი წილი - ეს მაჩვენებელი კი ნულთან არის მიახლოებული. შედეგად ვიღებთ მასობრივ მიგრაციას - ქვეყანაში სამუშაო ძალა აღარ რჩება. სამედიცინო სექტორში მინიმალური ხელფასი სწორედ ექიმებისა და ექთნების ქვეყნიდან გადინების გამო დავაწესეთ.
დღეს 417 მაღალანაზღაურებად პირს იმდენივე შემოსავალი აქვს, რამდენიც 235 000 მოქალაქეს. ეს ნორმალური არ არის. ეს უფსკრული ხალხში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ცივილიზებული მექანიზმები - მინიმალური ხელფასი, პროგრესული საგადასახადო სისტემა და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა, რომლის წილიც 32%-ია. ეს ნიშნავს „რბოლას ფსკერისკენ“, სადაც უკონტრაქტო შრომა სტიმულირდება…
- თუ კერძო სექტორს შიშები აქვს, სახელმწიფოს რა უშლის ხელს, რომ პირველი ნაბიჯი საჯარო სექტორში თავად გადადგას და ვითარება იქ მოაწესრიგოს?
- მთავრობის მხრიდან კითხვის ნიშნები იმ საკანონმდებლო მუხლებზე დაისვა, რომლებიც მინიმალურ ხელფასზეა მიბმული - მაგალითად, სხვადასხვა ჯარიმები და მოსაკრებლები. მინიმალური ხელფასის დაწესება ითხოვს ცვლილებებს დაახლოებით 7 კანონსა და მინისტრის ბრძანებებში, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და განათლების სამინისტროს ნორმატიულ აქტებში. შესაბამისად, სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებები უჩნდება… იცით, მთავრობის მაგივრად ძალიან გამიჭირდება გიპასუხოთ - გვეუბნებიან, რომ აი, ეკონომიკური ზრდა კიდევ რომ იქნება, შევცვლით, გავზრდით [ხელფასებსო]...
- ანუ ბიუჯეტში დამატებით ხარჯებს უფრთხიან… თქვენი გათვლებით, რა დაუჯდება მინიმალური ხელფასის დადგენა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს?
- რეფორმის ჯამური ღირებულება 977 მილიონი ლარია, რაც საერთო მასშტაბით სახელფასო ფონდის 2.88%-ს შეადგენს. ჩვენ ეს მონაცემი გამოთვლილი გვაქვს ერთიანად - როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. დღეს, როდესაც საშუალო ხელფასი 2 282 ლარამდეა გაზრდილი, 2.88%-იანი ტვირთი არ არის ისეთი წნეხი, რომლის გამოც უარი უნდა ვთქვათ 209 000 ადამიანის ელემენტარული არსებობის უფლებაზე…
- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია თქვენს სამუშაო შეხვედრა-დისკუსიებს ესწრება. რა პოზიცია აქვს მინიმალური ხელფასის შემოღებაზე ყველაზე მსხვილ ბიზნესასოციაციას საქართველოში - BAG-ს?
- BAG-ის წევრების პოზიცია ყოველთვის უარყოფითი იყო. ისინი თვლიდნენ, რომ ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა ბიზნესს, რომ ბიზნესი ამით დაშინდებოდა, ინვესტიციები არ შემოვიდოდა და ა.შ. რაზედაც ჩვენ პირიქით ვპასუხობთ: არსებობს უამრავი ბრენდული კომპანია („ნაიკი“, „ადიდასი“, „პუმა“), რომელიც ამბობს, რომ აქვს კორპორაციული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რის გამოც ვერ შემოდის ჩვენს ქვეყანაში - რადგან სარდაფში, მინიმალური ხელფასის გარეშე მომუშავე უუფლებო მუშამ კონკურენცია უნდა გაუწიოს მათ მიერ დაქირავებულ ადამიანს, რომელიც ძვირი ღირს…
- მინიმალური ხელფასის დაწესებით უმუშევრობის გაზრდისა თუ „კონვერტებით ხელფასების“ გაცემის რისკებს საერთოდ ვერ ხედავთ?
- „კონვერტებით“ ხელფასების გაცემის აღსაკვეთად ქვეყანაში არსებობს შრომის ინსპექცია, რომელსაც კანონმდებლობა შესაბამის ვალდებულებებს აკისრებს. იმის შიშით, რომ ვინმემ შეიძლება კანონი დაარღვიოს, რეფორმაზე უარის თქმა არასწორია. რაც შეეხება უმუშევრობის რისკს - 2.88%-იანი საერთო ტვირთის პირობებში, ლოგიკურად ამის საფრთხეს ვერ ვხედავთ. პირიქით, შეხედეთ, რა პოზიტივი მოაქვს ამას: დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების 66% ქალია, ანუ მინიმალური ხელფასი შეამცირებს გენდერულ დისკრიმინაციას; გაზრდილი ხელფასებიდან ბიუჯეტში მეტი საშემოსავლო გადასახადი შევა; შემცირდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური გასაცემლების საჭიროება, რადგან ადამიანებს თავად ექნებათ თავის გატანის საშუალება.
- ხომ არ გაქვთ მომზადებული რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რომელიც ყველა შესაძლო რისკსა და პოტენციურ სარგებელს აჩვენებს?
- ეს დოკუმენტი თავად ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომზადებული, დაახლოებით სამი წლის წინ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაწილეობით. მასში დეტალურად არის დათვლილი ყველა რისკი და სარგებელი საქართველოს რეალობისთვის. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ამ ქვეყანაში უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ხელფასი და წერტილი! 21-ე საუკუნეში არსებული ვითარება უბრალოდ სირცხვილია.
























