სპეციალისტებისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და ბიუროკრატიული ბარიერები - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელთა წინაშეც დღეს ქართული ბიზნესი დგას. ნავთობკომპანია „გალფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ აღნიშნული პრობლემები BM.GE-სთან საუბრისას დაასახელა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა აწუხებს დღეს ბიზნესს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულმა კვლევამაც გამოკვეთა.
„როგორც ბიზნეს ასოციაციის კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი სპეციალისტების ნაკლებობაა და ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ასევე გვაქვს საკადრო დეფიციტის პრობლემა. გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევაა რესურსებზე ხელმისაწვდომობაც, ასევე ბიუროკრატიული ბარიერები. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა საკმაოდ საინტერესო კომენტარები გააკეთეს“, - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მიმოიხილა, ბიზნესის წარმომადგენლებს კი მთავრობის წევრებთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდათ.
„შეხვედრას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი და ბიზნესთან დაკავშირებული საკვანძო მინისტრები. პრემიერმა მიმდინარე პროცესები მიმოიხილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევები. შეხვედრაზე ღია დიალოგი მიმდინარეობს, მინისტრები კონკრეტულ საკითხებზე კომენტარებს აკეთებენ. ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტრადიციული კვლევა, რომელმაც აჩვენა, სად იმყოფება დღეს ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები აქვს უახლოესი პერიოდის მიმართ. კითხვა-პასუხის ფორმატში კი სხვადასხვა სფეროს საკითხები და რეგულაციების შესაძლო ცვლილებები განიხილება“, - აღნიშნავს „გალფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
























