საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ღია დიალოგი და თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მისი შეფასებით, ბიზნესის განვითარებას სჭირდება მკაფიო წესები, განჭვრეტადი გარემო და განცდა, რომ ბიზნესის ხმა ისმის.
„ყოველი ახალი საწარმოს, სასტუმროს თუ ნებისმიერი პროექტის უკან დგას კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილება, ჩადოს კაპიტალი, აიღოს რისკები საკუთარ თავზე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემდგომ წლების განმავლობაში ატაროს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების, სახელმწიფო ბიუჯეტისა თუ სხვების წინაშე. ამ გადაწყვეტილებას, ახალი ბიზნესის დაწყებას თუ არსებული ბიზნესის გაფართოებას აუცილებლად სჭირდება მკაფიო წესები, განჭვრეტადი გარემო და განცდა იმისა, რომ ბიზნესის ხმა ისმის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი წინაპირობაა. განსაკუთრებით დღეს, როდესაც დღევანდელ სამყაროში პროცესები ძალიან სწრაფად იცვლება და თითოეული ახალი შესაძლებლობის ათვისებასა და გამოყენებას სწრაფი, გააზრებული და გონივრული მოქმედება სჭირდება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
BAG-ის პრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლებასა და ბიზნესს განსხვავებული ფუნქციები, თუმცა საერთო პასუხისმგებლობა აქვთ. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის საერთო სურათს, საზოგადოებრივ საჭიროებებსა და გრძელვადიან ამოცანებს ხედავს, ბიზნესი კი ყოველდღიურად გრძნობს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, იცნობს ბაზრის საჭიროებებსა და იმ ბარიერებს, რომლებიც კომპანიების განვითარებას აფერხებს.
„ამ საქმეში ხელისუფლებასა და ბიზნესს სხვადასხვა როლი, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია. ხელისუფლება ყოველთვის ძალიან კარგად ხედავს ქვეყნის მთლიან სურათს, საზოგადოებრივ საჭიროებებსა და გრძელვადიან ამოცანებს, ხოლო ბიზნესი ყოველდღიურად ძალიან კარგად გრძნობს ქვეყნის ეკონომიკის მაჯისცემას. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, სად ჩნდება ახალი შესაძლებლობა, რა სჭირდება განვითარებისთვის, რა აფერხებს მას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ იდეა რეალურ საქმედ იქცეს. ვფიქრობთ, ხელისუფლებისა და ბიზნესის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და გაერთიანება ქვეყნის უკეთესი გადაწყვეტილებებისა და უკეთესი მომავლის საწინდარია“, - აღნიშნა მან.
კონფერენციაზე სოსო ფხაკაძემ ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიებმა უნდა შეძლონ როგორც ქვეყნის წარმატებების დაფასება, ისე არსებული პრობლემების შესახებ პირდაპირ საუბარი. ამასთან, ის დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ხელისუფლებას დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებებით მიმართოს, გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესი და შეასრულოს აღებული ვალდებულებები.
„ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა გულწრფელობაა. უნდა შეგვეძლოს ქვეყნის წარმატებების დაფასებაც და, ამავდროულად, პრობლემებზე პირდაპირ საუბარიც. ის ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა, რომელიც საქართველოში ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რთული საკითხებიც დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ. ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, ყოველთვის მივიდეთ ხელისუფლებასთან დასაბუთებული, არგუმენტირებული წინადადებებით, გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი ინტერესი, ავიღოთ და შევასრულოთ ნაკისრი პასუხისმგებლობა. ასევე ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე, გარემოზე, ხარისხზე, საქმიანობის სტანდარტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.
ფხაკაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია ღიაობა, გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა და ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინება იმ ცვლილებების დაგეგმვისას, რომლებიც ეკონომიკასა და კომპანიების საქმიანობას ეხება.
„რაც შეეხება ხელისუფლების მხარეს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ღიაობა, ასევე გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა და მზადყოფნა, რომ ხელისუფლებამ ცვლილებების დაგეგმვისას ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილება გაითვალისწინოს. აქ საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბიზნესსა და ეკონომიკას ეხება“, - აღნიშნა მან.
BAG-ის პრეზიდენტმა ასოციაციის სახელით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. მისი განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, გააერთიანოს წევრი კომპანიების ცოდნა და გამოცდილება, განსაზღვროს ბიზნესის კონკრეტული საჭიროებები და მნიშვნელოვან საკითხებზე ხელისუფლებასთან თანმიმდევრულად იმუშაოს.
„ასეთი თანამშრომლობა და პარტნიორობა შედეგად იძლევა ძლიერ ბიზნესს, რაც ნიშნავს ძლიერ ეკონომიკასა და საზოგადოების ნდობას. მთელი ბიზნესის სახელით ცალსახად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის მზად არის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ ურთიერთობებში, გააერთიანოს ბიზნესკომპანიების ცოდნა და გამოცდილება, განსაზღვროს კონკრეტული საჭიროებები და თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე თანმიმდევრულად იმუშაოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს ახალი ინიციატივები, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, რაც საბოლოოდ მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.
„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მეწარმეს ნდობას, გამბედაობასა და რწმენას მისცემს, რომ განახორციელოს ბიზნესი, ჩადოს ინვესტიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულად შეხედოს მომავალს. ჩვენი თანამშრომლობისა და ხელისუფლებასთან ღია დიალოგის შედეგი აუცილებლად უნდა გახდეს უფრო მეტი ახალი ინიციატივის, ინვესტიციისა და სამუშაო ადგილის შექმნის საფუძველი, რათა თითოეულმა მოქალაქემ ამ თანამშრომლობის შედეგი საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.
ჩვენი თანამშრომლობის შედეგი უნდა აისახოს ძლიერ ქართულ კომპანიებში, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ოჯახების კეთილდღეობაზე. საქართველოს მომავალი ჩვენი საერთო სახლია, რომელსაც ერთად ვაშენებთ. ამ სახლის სიმტკიცეს კი განაპირობებს ის ნდობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს. ჩვენი ერთმანეთის მოსმენა გვაკავშირებს, ხოლო საერთო ნაბიჯები ამ სახლს თანდათან უფრო მეტ სიმაღლეს მატებს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
























