მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში მთავარ საკითხად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები სახელდება

63a2a8af9cb9d
ინგა მურუსიძე
21.12.22 10:25
547
BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში ახალი ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას, აღნიშნული პრობლემა წინა კვარტალთან შედარებით 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.



სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მწვავე პრობლემას მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებისთვის წარმოადგენს. კერძოდ, 76%-მდე და 75%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეოთხე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორისთვის 31 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა წინა კვარტალთან შედარებით.
რაც შეეხება სამუშაო ძალის ნაკლებობას, აღნიშნულ ფაქტორს ხელისშემშლელად ყველაზე მეტად ასევე მშენებლობის სექტორი ასახელებს, თუმცა გასულ კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მისი სიმწვავე.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც მხოლოდ 2%-ით მეტია წინა კვარტლის მონაცემებზე.


შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები