მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: სადაც „სითბო“ არ არის, იქ ინვესტიცია არ მიდის

641057cc41cdc
თელარა გელანტია
15.03.23 09:33
1143
 „სადაც „სითბო“ არ არის, იქ ინვესტიცია არ მიდის“ - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა და ასე ახსნა გასულ წელს ქვეყანაში რეკორდული მოცულობის - $2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა, თუმცა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რაც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე მოქმედებს და მაგალითად, ბოლო დღეების განმავლობაში აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მოიყვანა. „ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ინვესტორის ვიზიტი გაუქმდა. ჩვენთვის უმტკივნეულესი პროცესია“, - ამბობს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

- „თუ ბიზნესის ჭკუაზე ვერ დავქოქეთ რაღაცეები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაჭირდება და ისევ ვიჩანჩალებთ“ - ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით... ვის ჭკუაზეა დაქოქილი დღეს ეკონომიკა თუ მიგრანტების ეფექტით დაქოქილ ინერციას მივყვებით?

- არ შეიძლება, მიგრანტების ეფექტით დაიქოქოს ეკონომიკა. ეს არის სწორი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. კიდევ ვიმეორებ, შეცდომები, რა თქმა უნდა, არის - თუნდაც ის, რაც ახლა ვაღიარეთ, რომ შეცდომა იყო, მაგრამ სწორად მიდის..

- ანუ შეცდომა იყოს აგენტების კანონპროექტების განხილვა?

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ მაინც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ხდება?

- დიახ, მაინც სწორი ნაბიჯები ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის მათთან, ვისთანაც უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გვაქვს - ჩვენს ოკუპანტ ქვეყანასთან... კაპიტალს ვერ დააძალებ შემოსვლას - 2022 წელს 2 მილიარდი დოლარის FDI შემოვიდა, რატომ? - სადაც „სითბო“ არ არის, იქ ინვესტიცია არ მიდის.

- თუმცა FDI-ს სტრუქტურაც მნიშვნელოვანია, არა?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოხდა - შემოსული უცხოური ინვესტიციის 2/3 არის რეინვესტიცია. სულ ვამბობდი, რომ თუ ჩვენ არ ჩავდეთ ამ ქვეყანაში ფული, არავინ ჩადებს - ხედავთ, 2/3 ჩვენ რომ ჩავდეთ, 1/3 ახალი მოვიდა...

- თუმცა მეტი ახალი ინვესტორი გვჭირდება, არა?!

- 650 მლნ დოლარია ახალი FDI, არაა საკმარისი პატარა ქვეყნისთვის?! მგონია, რომ საკმარისია. რა თქმა უნდა, ინვესტორები ამ პოლიტიკურ ბატალიებსაც უყურებენ და არ მოსწონთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ინვესტორის ვიზიტი გაუქმდა. ჩვენთვის უმტკივნეულესი პროცესია.

- გულისხმობთ აგენტების კანონის თემას?

- დიახ... უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაგვიუქმეს.... ინვესტორები უნდა ჩამოსულიყვნენ და გადადეს მაისამდე. ვთხოვდით, ვეუბნებოდით, რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ვერ შევძელით. ამდენად, ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, მოქმედებს.

- უსაყვედურეთ მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს?

- ეს ჩვენი სამსახურია ბავშვობიდან... ჩვენ იმ ასაკში არ ვართ, რომ ქუჩაში ვიდგეთ, თუმცა თუ საჭირო გახდა, დავდგებით კიდეც. დღეს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები