29.ივნისი .2022 14:34

BAG ინდექსი: დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში დაფიქსირდა

BAG ინდექსი: დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში დაფიქსირდა
views 670
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელმა 27.7 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების იმ მოლოდინებს აჯამებს, რომელიც მომავალი კვარტლის დასაქმების სავარაუდო ცვლილებებს უკავშირდება.



აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებების შედეგებსაც ასახავს როგორც საერთო, ისე სექტორულ ჭრილში.

მიმდინარე კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის ინდექსი გაუმჯობესებულია ყველა სექტორში მშენებლობის სექტორის გარდა, კერძოდ, მაჩვენებელი 10.2 ქულით გაუარესდა წინა კვარტალთან შედარებით, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიმდინარე კვარტალში შემცირებული გაყიდვებით, რასაც სექტორში გამოკითხული კომპანიების 40% აფიქსირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების მიმართულებით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა შეინიშნება მრეწველობის სექტორში. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სექტორში გამოკითხულმა კომპანიებმა გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. რაც შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებს, კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი I კვარტლის მსგავსად, უცვლელად ინარჩუნებს დასაქმებულთა რაოდენობას.



საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვლევაში გაუმჯობესებულია კომპანიების მოლოდინები დასაქმების მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე პოზიტიური შეფასება მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც კომპანიების 47% დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს. აღნიშნული გაყიდვების ზრდის ოპტიმისტური მოლოდინით არის განპირობებული. წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში გაზრდილია იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომავალ კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა