07.ნოემბერი .2019 17:10

BAG: შემოსავლების სამსახური დანაკარგების დაბეგვრაზე საკუთარ ხედვას 2 კვირაში წარმოადგენს

views 442
უკან

დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც bm.ge-ის BAG-იდან აცნობეს, კომპანიების წარმომდგენლებთან ერთად ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, კახა რუხაძე წარმოადგენდნენ, ხოლო შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და მის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში არსებული დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესს.

„მისასალმებელია, რომ დღეს შემოსავლების სამსახურთან ვმუშაობთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს დიდი ხანია აწუხებთ და რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია. ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრა არამართებული და არასამართლიანია და მივესალმებით, რომ ამ პოზიციას იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს დღევანდელი ხელმძღვანელობა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და ის პრობლემები, რომელსაც დღეს ბიზნესი ასწყდება დანაკარგების დაბეგვრის კუთხით სწრაფად და ეფექტიანად აღმოიფხვრება“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

BAG-ის ინფორმაციით, შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დასმულ კითხვებზე სათანადო პასუხები მიეღოთ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ კვირაში შემოსავლების სამსახური წარმოადგენს საკუთარ ხედვას დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ბარათაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა