მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროების შემთხვევებში, ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს მივესალმებით - BAG

ლარი დოლარი ვალუტა

საჭიროების შემთხვევებში, ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს მივესალმებით, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ლარის სტაბილური კურსი ეკონომიკურ გარემოს ბევრად უფრო სტაბილურს, პროგნოზირებადს და განჭვრეტადს ხდის, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

BAG-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის სტაბილურმა კურსმა ბიზნესის განწყობებზე, მოლოდინებსა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე განსაკუთრებულად პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება, სხვა თანაბარ პირობებში, არ და ვერ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ვინაიდან მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ძლიერია, მათ შორის სტაბილურია სავალუტო შემოდინებები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის მაჩვენებლები უკვე სამიზნეზე დაბალია და ინფლაციის მოთოკვის თვალსაზრისით ვითარება ნორმალიზებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება დროული და გონივრულია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა მიმდინარე გადაწყვეტილებისა, წარმოდგენილია საშუალოვადიანი პროგნოზიც, კერძოდ,  წლის ბოლოს 9.5%-მდე განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო პერიოდში, ნავარაუდევია დაახლოებით 7%-იან ნეიტრალურ დონემდე განაკვეთის დაწევა.

საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთი მხრივ, იზოგება ხარჯები, მეორე მხრივ, კი აღნიშნული უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, რომ დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.

შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პროგნოზის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას“, - წერია BAG-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის 0.25 პროცენტული პუნქტით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-ს შეადგენს. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 13 სექტემბერსაა დაგეგმილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები