წლების განმავლობაში, ქვეყნის მაღალი საერთაშორისო რეიტინგების მიუხედავად, მათი სრული მონეტიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან ინტერვიუში საქართველოს ბიზნესსექტორში არსებულ მთავარ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, ქვეყნის ბიზნესგარემოზე გავლენას ახდენს გლობალური და გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც საქართველოს კონტროლის მიღმაა.
„წლების განმავლობაში, ქვეყანას მაღალი საერთაშორისო რეიტინგები ჰქონდა, თუმცა მათი სრულფასოვანი მონეტიზაცია და უცხოური ინვესტიციების მასშტაბური მოზიდვა ჯერ ვერ მოხერხდა ისე, როგორც პოტენციურად შეიძლებოდა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბარიერებს, ვეფხვაძის განცხადებით, სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებებში მენეჯმენტის ცვლილებამ გარკვეული პროექტების დროებითი შეფერხება გამოიწვია. თუმცა, მისი შეფასებით, წლის ბოლოს სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა : „ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელს, ბიუროკრატიული ბარიერები კიდევ უფრო შემცირდება, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ბიზნეს აქტივობაზე“, – დასძინა მან.




























