მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის III კვარტლის ინდექსის მიხედვით, გამოკითხულ კომპანიათა ნახევარი (50%) აცხადებს, რომ მათ საქმიანობას გარკვეული ფაქტორები უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევები კვლავ კვალიფიციურ კადრებსა და ადმინისტრაციულ ბარიერებზე მოდის.

2026 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა ბიზნესსაქმიანობისთვის სამი ყველაზე კრიტიკული ბარიერი დაასახელეს:

  • სპეციალისტების ნაკლებობა (54%) - კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად რჩება.
  • სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები (52%) - რეგულაციები და ბიუროკრატია კომპანიების ნახევარზე მეტს საქმიანობას ურთულებს.
  • სამუშაო ძალის ნაკლებობა (48%) - ზოგადი სამუშაო ძალის დეფიციტი გასულ კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და კიდევ უფრო გამწვავდა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრად შემსუბუქდა მოთხოვნის სიმცირის პრობლემა. წინა კვარტალთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით იკლო იმ კომპანიების წილმა, რომლებიც მოთხოვნის ნაკლებობას უჩივიან (13%). ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობას ხელშემშლელად მხოლოდ 17% ასახელებს, ხოლო შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს - 11%.

პრობლემები სექტორებისა და საწარმოს ზომის მიხედვით:

მშენებლობის სექტორი: კადრების დეფიციტს ყველაზე მწვავედ სწორედ მშენებლობაში განიცდიან. გამოკითხული კომპანიების 100% აცხადებს, რომ სპეციალისტების ნაკლებობა აწუხებთ. ამასთან, მშენებლობაში ყველაზე მაღალია სამართლებრივი/ადმინისტრაციული ბარიერების (75%), სამუშაო ძალის დეფიციტისა (63%) და შეზღუდული ფინანსური რესურსების (38%) მაჩვენებელიც.

ვაჭრობა და მომსახურება: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები განსაკუთრებით აწუხებს ვაჭრობის სექტორს (57%), ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა - მომსახურების სექტორს (50%).

საშუალო ზომის კომპანიები: საწარმოთა ზომის მიხედვით, ბიუროკრატიული და კადრებთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად საშუალო ზომის ბიზნესს აწვება (სპეციალისტების ნაკლებობა - 48%, სამუშაო ძალა - 43%, ადმინისტრაციული ბარიერები - 33%).

იმ კომპანიებიდან, რომლებიც სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დაბრკოლებებზე მიუთითებენ, უმრავლესობა მთავარ მიზეზად მარეგულირებელ გარემოს (79%) და ადმინისტრაციულ საკითხებს (71%) ასახელებს. სასამართლო სისტემას ხელშემშლელ ფაქტორად ბიზნესის 33% მიიჩნევს (ძირითადად მომსახურების სექტორში).

აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი იმ კომპანიათა წილი, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებენ მთავარ ბარიერად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები