საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ინგლისში მოღვაწე წამყვან იურისტებსა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, რიგით მესამე ქართულ-ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ბიზნესის სექტორში დასაქმებულ ქართველ იურისტებსა და ინგლისელ კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივი სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო საარბიტრაჟო პროცედურების განზოგადებულ პრაქტიკას, კომერციულ გარიგებებში დავების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო დავათა არსებობის შემთხვევაში, სამართალწარმოების ვადებსა და აღსრულების პროცედურებს. შეხვედრის დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტებისგან მიეღოთ, ფაქტებზე და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული, ამომწურავი პასუხები.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი იურიდიული ფირმებისა და პალატების (Chambers) წარმომადგენლები, მათ შორის: Lawlex Solicitors, Quadrant Chambers, Goldsmith Chambers, Thomas More Chambers და Outer Temple Chambers.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ და ინგლისურ იურიდიულ წრეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესსექტორის სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. ინგლისური სამართლებრივი პრაქტიკა და სტანდარტები გლობალური ბიზნესისთვის წამყვან ორიენტირს წარმოადგენს. დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართული ბიზნესსექტორის იურისტებისთვის, დაამყარონ პირდაპირი პროფესიული კონტაქტები ინგლისში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებთან, იმსჯელონ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
























