მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა 5 თვეში 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

64998f69ec4ec
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 17:20
2712
სტატიაში საუბარია:
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2023 წლის 5 თვის საქმიანობის ფინანსური ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკების შემოსავლები 24%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლები. გაცილებით უფრო მეტად, 47%-ით არის გაზრდილი მათი წმინდა მოგება, რაც 1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა ბანკებისთვის 1.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხების შემოსავალი კი 891 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 18%-ით არის მომატებული.

საბანკო სექტორის არასაპროცენტო შემოსავლები კი 759 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი, მათ შორის ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება 263 მილიონი ლარი, საკომისიოებიდან შემოსავალი 241 მილიონი ლარი, საჯარიმო შემოსავლები კი 35 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება საბანკო სექტორის ხარჯებს, ის 2.23 მილიარდ ლარს შეადგენდა. აქედან საპროცენტო ხარჯები 1.26 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. მათ შორის ბანკის მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 806 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 39%-ით არის გაზრდილი. თავად ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე გადახდილი საპროცენტო ხარჯი კი 367 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2%-ით არის შემცირებული.

ბანკებს თავიანთი აპარატის შენახვა 5 თვეში 456 მილიონი ლარი დაუჯდათ, აქ შედის თანამშრომელთა ხელფასები და სხვა სარგებელი, რაც წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.

ბანკებისთვის ფიქსირებული აქტივების შენახვის საფასური კი 125 მილიონს შეადგენდა. სხვა არასაპროცენტო ხარჯები კი 202 მილიონი ლარი იყო. აქტივების შესაძლო დანაკარგების ზარალში ბანკებმა 190 მილიონი ლარი აღრიცხეს, ხოლო მოგების გადასახადის სახით კი 176 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი. შედეგად, წმინდა მოგების სახით ბანკებს 1 მილიარდი ლარი დარჩათ. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 47%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები