მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკში სესხის რესტრუქტურიზაციისთვის მიმართვა ნებისმიერს შეუძლია - ალექსანდრე ძნელაძე

5fce3ac61b9ca
ლიკა გურაბანიძე
07.12.20 22:49
1511
საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული ბანკები მზად არიან, განიხილონ რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები.
სწორედ ამ თემაზე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც სოციალური დახმარების სიებში მოხვდებიან, რესტრუქტურიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებული იქნება.

“საბანკო სექტორი აღნიშნული ლოქდაუნის და კრიზისის გამო მზაობას გამოთქვამდა, რომ გარკვეული რესტრუქტურიზაციები და სესხების გადახდების გადავადებები მოხდარიყო და ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გავავრცელეთ, რადგან იმის მოლოდინები არ ყოფილიყო, რომ ვინც შემოსავალი დეკემბერში დაკარგა, მას ბანკიდან დამატებითი პრობლემა შეექმნებოდა.

რეალურად რას ნიშნავს ეს? ისინი, რომლებიც სიაში ავტომატურად ხვდებიან, რესტრუქტურიზაციის შესახებ კომერციულ ბანკს მიმართავენ და მათ ბანკი 3-თვიან გადახდების შეჩერებას შესთავაზებს, ანუ გრაფიკის ცვლილებას, რომლითაც სამი თვის განმავლობაში სესხის გადახდის გადაწევა უზრუნველყოფილი იქნება.

შესაძლოა ბანკის მხრიდან სხვა პირობაც იყოს შეთავაზებული, მაგალითად 4-თვიანი გადავადება ან სხვა პირობა”, - განაცხადა ძნელაძემ.

ალექსანდრე ძნელაძის თქმითვე, დახმარების ბენეფიციარების გარდა, არიან პირები, ვისაც შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ და სესხის გადახდა უჭირთ, მათაც უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს.

“აქ განსხვავებაა ის, რომ პირები, რომლებიც სოციალური დახმარების სიებში იქნებიან, მათ სხვა არანაირი რწმუნება არ სჭირდებათ, აღნიშნულ სიებს მივიღებთ და მთავრობასთან ერთად გავივლით, ხოლო ვინც ამ სიებში არ არიან, მათ ბანკებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მოუწევთ.

რესტრუქტურიზაციისთვის მიმართვა ნებისმიერ მსესხებელს ბანკში ნებისმიერ დროს შეუძლია, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს, რატომ სჭირდება რესტრუქტურიზაცია", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.