მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბარიერი დაძლეულია“ - რა პირობით გავა შინაური ცხოველების ქართული საკვები ევროკავშირში?

5fb79b95167f1
ინგა მურუსიძე
20.11.20 15:00
795
ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც bm.ge-ს ცხოველების ავეჯისა და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ უთხრა, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ფაზაში მისვლამდე, საკმაოდ დიდი გზა გაიარა.

როგორც ბარდაველიძე ამბობს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის ნებართვის მიღების პროცედურა უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, საჭირო გახდა შესაბამისი სტანდარტების დიდი საწარმოს აშენება, საქართველოს სურსათის უვნებლობისა და საბაჟო პროცედურების მორგება შესაბამის სტანდარტებზე და ა.შ.

როგორც ბარდაველიძე ამბობს, საბოლოოდ, ევროკავშირის წარმომადგენლები, გასული წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ საქართველოში და შემოწმების შემდეგ ნებართვა გასცეს, თუმცა საჭირო იყო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ამის აღიარება, რასაც თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

„ჩვენი და სახელმწიფოს ერთობლივმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ აიტვირთა ევროკავშირის საიტზე, რომ საქართველომ მიიღო ნებართვა, ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს პროდუქცია. ყველა, ვისაც სურვილი ექნება, გაიტანს პროდუქტს ევროკავშირში. რაც შეეხება პირობებს, საწარმოს უნდა ჰქონდეს ISO 22-ის სტანდარტი, რაც არის აუცილებელი კრიტერიუმი. გარდა ამისა, საჭიროა უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება. ერთადერთი გამონაკლისი მოთხოვნაა, რომ დღეისთვის ქართული ხორცის გადამუშავების უფლება არ გვაქვს. ნედლეულად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ ქვეყნების და ქარხნების პროდუქცია, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ“, - განაცხადა მან.

როგორც ბარდაველიძე ამბობს, თავად საწარმოსთვის იცვლება ის, რომ გაფართოვდება წარმოება და საექსპორტო პროდუქციის მოცულობა.

„ჩვენთვის ხდება დივერსიფიცირება. უკვე ვართ კვების პროდუქციის ქარხანა და ვაკმაყოფილებთ ზუსტად იგივე მოთხოვნებს, რაც ადამიანის საკვების პროდუქცის ქარხანა უნდა აკმაყოფილებდეს. ევროკავშირის გადაწყვეტილება რა თქმა უნდა კონკრეტულ ციფრებში ითარგმნება. ამჟამად, ვახორციელებთ შინაური ცხოველების ავეჯის ექსპორტს, დაახლოებით, 17 მლნ დოლარამდე ღირებულების. ალბათ ექსპორტის მაჩვენებელი 50%-ით მოიმატებს. ვინც მოინდომებს, ყველას ძალიან გაუადვილდება გატანა. ძირითადი ბარიერი დაძლეულია“, - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.