მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბათუმის ცენტრალურ ნაწილს შველა სჭირდება” - რა ეტაპზეა ბათუმის გენგეგმა?

627936a0ea474
ანუკა ჯოხაძე
09.05.22 20:00
1072
ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, კომპანია “სითი ინსტიტუტმა” სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და შესაბამისი დოკუმენტაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა.

კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, ჩატარდა ქალაქის ინვენტარიზაცია და შეისწავლეს შენობების მდგომარეობა. როგორც “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი აცხადებს, ქალაქში 400 ერთეული ავარიული შენობაა.

მამუკა სალუქვაძის თქმით, ასევე გამზადდა რეკომენდაციების პაკეტი კონკრეტულ არეალებზე სამშენებლო შეზღუდვების დროებით დაწესებათან დაკავშირებით, რომელიც ბათუმის მერიას ხვალ წარედგინება. "სითი ინსტიტუტის" წინადადებაა, რომ კონკრეტულ არეალებზე სამშენებლო შეზღუდვები 1 წლით ამოქმედდეს.

“სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური არეალი ქალაქის ცენტრალური ნაწილია, სადაც განაშენიანება ძალიან სწრაფი ტემპით და ქაოტურად განხორციელდა, თუმცა მისი თქმით, ბათუმში ჯერ კიდევ არის არეალები, რომელთა “გაკეთილშობილება”, სწორი განაშენიანების შემთხვევაში, შეიძლება.

“პირველ რიგში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს სჭირდება შველა. ძალიან მტკივნეული სურათია, როდესაც დაბალ განაშენიანებაში, უცებ ვხედავთ მაღალი კოეფიციენტით აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჯერ კვლევა ისევ მიმდინარეობს; მნიშვნელოვანია, ყველაფერი სწორად გავაანალიზოთ და შედეგები მივიღოთ; ამის შემდეგ კი სწორი ხედვა ჩამოვაყალიბოთ. არის უბნები, რომელთაც შველა სჭირდება. საკმაოდ რთულად მიდის საქმიანობა ახალი ბულვარის მოპირდაპირედ, სადაც მაღალსართულიანი ცათამბრჯენებია. ხშირ შემთხვევაში ტროტუარებიც კი არ არის დატოვებული ადმაიანებისთვის", - აცხადებს კომპანია “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, კომპანია “სითი ინსტიტუტმა” ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.