მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზღვაში არეკლილი ქალაქი”- ბათუმის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდა, რა წერია დოკუმენტში?

ბათუმის გენგეგმა

ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტი BM.GE-ის ბათუმი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა "სითი ინსტიტუტმა" მიაწოდა. ოპტიმისტური პროგნოზით გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი თვლის, რომ თავად გენერალური გეგმა მზად 2024 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა იყოს. სითი ინსტიტუტმა უკვე ჩააბარა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც შეჯერებულია როგორც მერიასთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან.

დოკუმენტი აერთიანებს ბათუმის, როგორც ზღვაში არეკლილი ქალაქის განვითარების შესაძლო სცენარებს, ამოცანებს და გადაწყვეტებს. ბათუმის სივრცის დაგეგმვისა და გენერალური გეგმის კონცეფცია 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულებისგან შედგება, ისეთების როგორებიცაა თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და მედეგი, უსაფრთხო ქალაქი.

როგორც სითი ინსტიტუტის დირექტორი მამუკა სალუქვაძე BMG-თან აცხადებს, ბათუმში არის არეალები დარჩენილი, რომლის სწორი განვითარების რესურსი არსებობს. მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე შესაძლოა მოხდეს როგორც საცხოვრებელი ისე კომერციული ობიექტების განვითარება. მათ შორის მამუკა სალუქვაძე გამოყოფს ბათუმში ე.წ ბენზეს ტერიტორიას, სადაც “ტექნოლოგიური ბიზნეს პარკის” მოწყობის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

“ლაპარაკი არის ბათუმში მთის ძირის ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობაზე. ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომელიც ძალიან სუსტად არის განვითარებული იქ შეიძლება მოხდეს დაახლოებით 20-30 ათასი ადამიანისთვის განაშენიანება, თავისი სკოლებით და საჭირო ინფრასტრუქტურით.

აგრეთვე ასეთი ტერიტორია არის ე.წ “ბენზე”-ს არეალი. ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიად მიგვაჩნია, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. ვფიქრობთ, რომ აქ შეიძლება ერთ-ერთ ქვესექტორის განვითარება მოხდეს. ასეთია IT სექტორი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ სექტორს შეიძლება, რომ ამ ტერიტორიაზე მოვუყაროთ თავი. აქვე იყოს სწავლების ცენტრებიც და შესაძლებელია იყოს საცხოვრებელი კომერციული დატვირთვაც,”- ამბობს მამუკა სალუქვაძე.

ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციის დოკუმენტში ასახულია ახალი საუბნო განაშენიანების შესაძლებლობები. სითი ინსტიტუტის დირექტორი ამ მიმართულებით გონიოს და ხელვაჩაურს გამოყოფს. მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით გონიოს შემთხვევაში ახალი ფუნქციური ზონა შემოდის, სანაპირო ზოლზე კი შენობების სართულიანობის შეზღუდვა წესდება.

“გონიოს პოლიგონთან დაკავშირებით, ერთი ნაწილი უნდა იყოს ლანდშაფტური პარკით დატვირთული და ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ასევე არის მეორე ნაწილი-ადრე სასროლეთი იყო, ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს სპეციალური რეგულირების ზონა, რომლითაც ჩვენ ვამბობთ რომ შესაბამისმა დამატებითმა კვლევებმა უნდა გვაჩვენოს, როგორ უნდა განვითარდეს ეს ტერიტორია.

გონიოს სანაპიროზე აგრეთვე ჩვენ ახალი ზონა შემოგვაქვს, აქ იყო საკურორტე ზონა, შენობების სიმაღლის 15 მეტრიანი შეზღუდვით, თუმცა სანაპიროს რომ გადახედოთ ძირითადად არის 22 სართულიანი და მაღალი შენობები. გარკვეული შეზღუდვა 24 მეტრიანის გვაქვს, თუმცა საჭირო გახდა ახალი ზონის შემოტანა.

ხელვაჩაურის განვითარება გვინდა ძალიან, იგივე კარკასის, სატრანსპორტო დერეფნების გაძლიერების მეშვეობით და ზოგან კომერციული ზონის შემოღებით. ვცდილობთ ამ ტერიტორიის განვითარებას ბიძგი მივცეთ. დღეს ძირითადად სამრეწველო და საცხოვრებელი ზონები მოქმედებს. საბოლოო ეტაპზე ვნახავთ, როგორ იქნება შესაძლებელი ხელვაჩაურის ფუნქციური დატვირთვა,”- ამბობს "სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე.

კონცეფციაში გამახვილებულია ყურადღება ქალაქში მობილობის გაზრდაზეც. ბათუმში გამოიყო 14 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მობილობის გეგმის მიხედვით პრიორიტეტი მიენიჭა სწრაფი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას. მათი ინფორმაციით, ქალაქში არსებობს რესურსი ველობილიკების ქსელის გაფართოების, რომლის საერთო სიგრძე ამ ეტაპზე 30 კმ-ს შეადგენს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები