ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია "სითი ინსტიტუტ საქართველო" მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ძირითადად კვლევებს მოიცავდა.
ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბორჯომს სჭირდება კურორტის სტატუსის დაბრუნება და ამ მიმართულების გაძლიერება. მისი თქმით, კომპანიამ დამკვეთს შესაბამისი გეგმა 2025 წლის 5 მაისამდე უნდა წარუდგინოს, თუმცა არსებული პროცედურების გათვალისწინებით შესაძლოა ვადების ცვლილება მოხდეს.
“ის სტატუსი რაც ქალაქს გააჩნია ცოტა უფრო მემკვიდრეობითი ხასიათის არის ვიდრე რეალური. ჩვენ არამხოლოდ კამერალური სამუშაოები განვახორციელეთ, არამედ სიღრმისეულად შევისწავლეთ ზოგადად ფიზიკური გარემო, ინდივიდუალური შენობის ინვენტარიზაცია მოხდა, მათი ფუნქციური დატვირთვა დანიშნულების და ფიზიკურის შეფასებით. ასევე გავაკეთეთ შინამეურნეობის კვლევა, სადაც 600-მდე მოსახლე გამოვკითხეთ და მათ შორის შევხვდით ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათთანაც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები. შედგა განვითარების პრიორიტეტიზაციის დოკუმენტი, ეს ეტაპი კვლევითი ეტაპი იყო. რეალურად ყველაზე მწვავე პუნქტები არის ის რომ ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება იმ იდენტობის გაძლიერება რაც ჰქონდა,”- ამბობს ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა.
"სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე კი აცხადებს, რომ ბორჯომს ჯერ კიდევ აქვს შანსი ქაოსური განაშენიანება თავიდან იყოს აცილებული, მისი თქმით, ამ მიმართულებით ქალაქში ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გამოწვევები არ არის.
“ბორჯომი გზა გასაყარზეა, ან ერთი მიმართულებით წავა, რომლის გამოცდილებაც გვაქვს ან იქნება ევროპული ქალაქისკენ მიმართული. პირველი ნაწილი ვიცით, ბევრი ქალაქი გვაქვს, როცა მშენებლობებმა, ქაოუსურმა მიდგომამ და მშენებლობების ნებართვების თავისუფალმა გაცემამ სადამდე მიგვიყვანა. ამას გვინდა გადავარჩინოთ ბორჯომი,”- ამბობს სითი ინსტიტუტ საქართველოს ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 100 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკეკრულება კომპანია "საბა ქონსთრაქშენს" დაუკვეთა. პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. იგივე ტიპის სამუშაოების "საბა ქონსთრაქშენი" ქალაქ ბათუმშიც ახორციელებს, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონი ლარია.