მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნება ბათუმს გენგეგმა?

გენგეგმა

„ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ბათუმის გენგეგმა მზად 2024 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება,“ - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ კოორდინატორმა ანდრო ქორთუამ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მაისის ბოლოს დასრულდა ხედვის ეტაპზე მუშაობა, მიმდინარე კვირის ბოლომდე კი დამკვეთს საბოლოო კონცეფცია წარედგინება.

„მაისში ჩავაბარეთ ხედვის საბოლოო ეტაპი და სამუშაოებმა გადაინაცვლა კონცეფციის ეტაპზე, რაც ორ ეტაპიანია. ერთი იყო სამუშაო ეტაპი, რომელიც ჩაბარდა და შეთანხმდა დამკვეთთან, ანუ მერიასთან 25 ივლისს. ახლა სამუშაო ჯგუფი უკვე აბარებს კონცეფციის საბოლოო ეტაპს, რომელიც შეჯერებულია როგორც მერიასთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ხედვის ეტაპი გულისხმობდა იმ ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, რაც პრიორიტეტი უნდა იყოს ქალაქისთვის. მაგალითად ბათუმისთვის გაზრდილი მოსახლეობის ფონზე პრობლემაა არასაკმარისი ინფრასტრუქტურული ობიექტები, ბაღები, სკოლები, ჯანდაცვის ობიექტები. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალაქისთვის, რომ ის არ იყოს მონო-ფუნქციური ეკონომიკური სექტორი მქონე ქალაქი, არამედ ჩაშალოს სიღრმეებშიც. მაგალითად ეკონომიკურმა კვლევამაც გამოავლინა, რომ მშენებლობის და ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანი სექტორია აიტი მიმართულება და მისი განვითარება. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი კომპონენტი იყოს ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის. სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავდა ხედვის ეტაპზე მუშაობა.

არ არის მარტივი პროცესი გენგეგმის, ასეთი მძიმე დოკუმენტის ამუშავება, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ მოლოდინი იყო რომ პირველ ეტაპზე ეს გაიწელებოდა.ამ ეტაპზე შეიძლება ისევ ბუნდოვანი იყოს ზუსტი გათვლის გაკეთება, მაგრამ ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინით, ბათუმის გენგეგმა მზად მომავალი წლის ბოლოსკენ უნდა იყოს,“ - განაცხადა ქორთუამ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1, 200 ათასს ლარზე მეტია გადახდილი.

თავად გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები