მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახტაძის მიერ დაანონსებული სამხედრო ქალაქის პროექტი ღარიბაშვილმა დღეს თავიდან დააანონსა

5df8e0545f27d
ინგა მურუსიძე
17.12.19 18:11
4740
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ მიმდინარე წლის აპრილში დაანონსებული სამხედრო ქალაქის მშენებლობა ყოფილმა პრემიერმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განმეორებით დააანონსა.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროექტებს შორის  ძალიან ბევრი არსებითი განსხვავებაა, მათ შორის ციფრებში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილს, მახათას მთაზე, სამხედრო ქალაქის მშენებლობის დაწყება მამუკა ბახტაძემ აცნობა სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო დღეს - ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, არც მაშინ უთქვამთ პროექტის ღირებულება და არც - დღეს, ჯერჯერობით.

რაც შეეხება "არსებით განსხვავებას" პროექტებს შორის, თადაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში ეწერა, რომ ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ბინის ღირებულების 60%-ის დაფარვა (მამუკა ბახტაძის ვარიანტის მიხედვით) ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროინდელი პროექტით სამხედრო ქალაქის ასაშენებლად ტენდერის გზით კერძო კომპანია უნდა შერჩეულიყო, ხოლო ღარიბაშვილის პროექტით, კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც, როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას“.

„საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით, 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა - საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ“,- განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

„გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც bm.ge-ს თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, სამხედრო ქალაქის პროექტზე მუშაობა იანვრიდან, ხოლო მშენებლობა დაახლოებით, ადრეული გაზაფხულიდან დაიწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში პროექტის ღირებულება და სხვა ფინანსური დეტალები დაკონკრეტებული არ იყო, bm.ge-მ შესაბამისი კითხვით სამინისტროს მიმართა და ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები