მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრ კომპანიას შეეძლო მომხმარებლისთვის საწვავი 20-25 თეთრით დაბალი ფასით მიეწოდებინა - ლექვინაძე

6285df07ef488
ალა ისპირიანი
18.05.22 23:20
1946
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, ბევრ კომპანიას მიმდინარე წლის აპრილში შეეძლო მომხმარებლისთვის საწვავი დაბალი ფასით მიეწოდებინა, თუმცა ეს არ გააკეთეს.

„დღეს 2022 წლის პირველი 4 თვის ანგარიში გამოვაქვეყნეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებით და ეკონომიკური საბჭოს მხრიდან გვეთხოვა, რომ უფრო დეტალური ანგარიში წარმოგვედგინა, რადგან 2022 წლის პირველი კვარტალი გარკვეულწილად პრობლემური იყო. მაშინ, როდესაც მარტის დასაწყისიდან მსოფლიოში საწვავის გაიაფება დაიწყო და ასევე სახეზე იყო ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესი. აპრილში ამას პრაქტიკულად ცვლილება საცალო ფასებზე არ მოუხდენია.

აპრილის დასაწყისიდან და მარტის ბოლოდან საქართველოში შემოდინება იმპორტის სახით გაიაფებულმა საწვავმა დაიწყო. ეს ასახეს მცირე ბრენდულმა ქსელებმა და საწვავის ფასი დაახლოებით 3.24 - 3.30 ლარის ფარგლებში იყო, (რეგულარის მაგალითი რომ მოვიყვანოთ), მაშინ როდესაც მსხვილ ქსელებში აღნიშნული პროდუქტი 60-70 თეთრით უფრო ძვირად იყიდებოდა.

მარტი-აპრილის მონაკვეთი შევისწავლეთ და დღეს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრთან ერთად მსხვილ ქსელებთან აღნიშნული საკითხი განვიხილეთ. ბევრ კომპანიას აპრილში ფასნამატები ჰქონდა გაზრდილი. მათ შეეძლოთ მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო იაფად მიეწოდებინათ პროდუქტი, დაახლოებით 20-25 თეთრიანი დაბალი ფასით, თუმცა ეს არ გააკეთეს. ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შეთავაზებაც იყო შესაძლებელი", - განაცხადა ლექვინაძემ. 

რაც შეეხება მიმდინარე თვეს, მისი თქმით, მაისიდან ისევ ზრდის პროცესია დაწყებული.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები მსხვილი კომპანიისგან. დღეს ცოტა სხვა რეალობა გვაქვს. თუ აპრილში ფასის კლება ხელშესახები იყო გარე ბაზრებზე, მაისიდან ისევ ზრდის პროცესია დაწყებული. მართალია ლარი  გამყარებისკენ მიდის და ეს ერთმანეთს აბალანსებს, თუმცა კომპანიებმა გაუშვეს შესაძლებლობა, რომ პროდუქტი აპრილში მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მისაღებ ფასში მიეწოდებინათ. კომპანიები ცდილობენ იაფი წყაროები მოძებნონ, რომ შემცირების მიმართულებით ფასის კორექტირება მოახდინონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული კომპანიები ფასის კვლების მაჩვენებელს ტაბლოზე ასახავენ.

ჯერჯერობით მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ სექტორთან, ვამუშავებთ რეკომენდაციებს, რომ ბაზრის კონკურენტუნარიანობა - მცირე ქსელების როლი და წვლილი ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. კონკურენცია არის მთავარი, რამაც შეიძლება ბაზარზე ფასების კორექტირება მნიშვნელოვნად შეცვალოს და ფასნამატების შეამციროს", - განმარტავს იგი. 

როგორც ლექვინაძე ამბობს, სააგენტო საქართველოს მსგავს ბაზრებსაც დააკვირდა და მაგალითად აპრილში რუმინეთში ფასი 6-8 ცენტით იყო შემცირებული:"წლის დასაწყისიდან დღემდე რუმინეთშიც, საცალო ბაზარზე ფასი, დაახლოებით 70-80 თეთრიანი მაჩვენებლით არის გაზრდილი, თუმცა აპრილში რუმინეთში ფასი 6-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როდესაც ჩვენთან მცირე შემცირება მაისში, 4-10 თეთრის ფარგლებში აისახა".