ფასების კომისიის შექმნა აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო და მას შედეგი არ მოჰყოლია - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა თავიდანვე განწირული იყო უშედეგობისთვის.
„ეს ფუნქცია - ფასების ანტიმონოპოლიური კონტროლი - აქვს კონკურენციის სააგენტოს, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს. ეს მათი პირდაპირი ფუნქციაა. ამ საკითხზე რაღაც საპარლამენტო კომისიის შექმნა აბსოლუტურად გაუმართლებელია. თავიდანვე ცხადი იყო და მე მგონი, ყველანი დავრწმუნდით, რომ ამ ინიციატივამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ვერც გამოიღებდა. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ორი რამ: არის თუ არა პროდუქტის შემოტანის დონეზე კორუფციული გარიგება. თუ ეს არ გამოვლინდა, და როგორც ვხედავთ, არ გამოვლინდა, კონკურენციის სააგენტომ უნდა შეამოწმოს, არის თუ არა რითეილერებს, საბითუმო ქსელებს შორის რაღაც გარიგებები, სადაც ფასს ხელოვნურად მაღალზე ინარჩუნებენ. როგორც მე ვხვდები, ვერც ეს ვერ აღმოაჩინეს.
ის, რომ ფასები, რაღაც პროდუქტზე ჩვენთან უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში, ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ბევრად მცირე რაოდენობით ვყიდულობთ, ნაკლები გვაქვს ფასდაკლებები, არის ტრანსპორტირების საკითხები, რომელიც ჩვენთან ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე ევროპაში და ასე შემდეგ. მე მესმის, ხელისუფლების სურვილი, რომ რაღაცნაირად, ეს ინიციატივა ბოლომდე გაამართლონ, მაგრამ რეალურად, ამან შედეგი ვერაფერი გამოიღო“ - აცხადებს ქობულია BMG-სთან.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას ურჩევს, ინიციატივის წარუმატებლობა აღიაროს და ყურადღება უფრო პრიორიტეტულ საკითხებზე გადაიტანოს. მისი თქმით, „ელექტრონული პლატფორმები“, სადაც მომხმარებელი ფასებს ნახავს, მოსახლეობას რეალურ შვებას ვერ მისცემს და ეს მხოლოდ პროცესის იმიტაციაა.
„კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ბევრად უფრო პრიორიტეტული საკითხები გვაქვს, რაზეც საჭიროა კონცენტრირება. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ დაანებონ ამას თავი - შეცდომა ყველას მოსდის, არ არის ეს ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ამ ხელისუფლებას მოსვლია და არც სხვა ხელისუფლებას, ბევრად უფრო მძიმე შეცდომები აქვთ. არაუშავს, შეუძლიათ თქვან, რომ „შევეცადეთ, არაფერი არ გამოვიდა, შევამოწმეთ და რეალურად, სხვა ვითარებაა“.
როგორც გითხარით, ჩვენთან ფასები იმპორტულ საქონელზე მსოფლიო დონის ბაზრებზე ფასის მიხედვით ფორმირდება. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ბენზინის, ნავთობის ფასი თუ აიწია მსოფლიო ბაზრებზე, რა, ჩვენ ბენზინი უნდა გავაიაფოთ? ან დიზელის საწვავი? ეს წარმოუდგენელია. იგივე ფქვილზე - ფქვილის ფასი მსოფლიო ბაზარზე ფორმირდება. ჩვენ ხომ ფქვილს უცხოეთში ვყიდულობთ. როგორ გავაკონტროლოთ ფქვილზე ფასები? მარტივი საკითხია და მე მგონია, რომ ეს თემა რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ და ვიმოძრაოთ წინ“ - აცხადებს გიორგი ქობულია.
"ფასების საპარლამენტო კომისიამ", 1 მაისს თითქმის სამ თვიანი სამუშაო პროცესი დაასრულა FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული და მათზე გავლენას ახდენს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. კომისიის დასკვნის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.




























