12.დეკემბერი .2019 20:15

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ჯი სი ეფ პარტნერსის” ფინანსური ანგარიშგება

views 1534
უკან

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია, “ჯი სი ეფ პარტნიორებმა”, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ “თანაინვესტირების ფონდს” მართავს, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ფონდის მმართველი კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 7,353,000 ლარი, წმინდა მოგება კი -1,456,000 ლარი.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ჯი სი ეფ პარტნიორებმა” 2014 წელს დადო საინვესტიციო აგენტისა და ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები GCF Luxembourg SARL-თან („Luxco“, შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანია, დაფუძნებული და მოქმედი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის შესაბამისად) და GCF GP-ისთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დარეგისტრირებული კაიმანის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად).

დოკუმენტის მიხედვით, “ჯი სი ეფ პარტნიორების” ვალდებულებები თანაინვესტირების ფონდის წინაშე ასეთია:

“Luxco-მ “ჯი სი ეფ პარტნიორები” დანიშნა კომპანია, მმართველობითი და დამხმარე მომსახურების გასაწევად, რაც მოიცავს Luxco-სთვის რეკომენდაციების გაწევას ინვესტიციების შეძენა, განკარგვა და რეალიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, კომპანიამ, Luxco-ს მოთხოვნისამებრ, უნდა გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან საინვესტიციო კონსულტაციები Luxco-ს მიერ ინვესტირებულ ერთ ან მეტ კომპანიას,  საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანიასა თუ Luxco-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა სპეციალური დანიშნულების მექანიზმს - სარგებლის მიღების მიზნით. კომპანიის ყოველწლიური ანაზღაურება („აგენტის ანაზღაურება“), გამოითვლება როგორც უდიდესი შემდეგიდან: (i) შენატანების 0,5% (Luxco-ში პარტნიორობის მიერ განხორციელებული ჯამური შენატანი თანხა) და (ii) საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ Luxco-სთვის მომსახურების გასაწევად გაღებული ხარჯი (რომელიც ამ მიზნისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მილიონ აშშ დოლარს ნებისმიერი საანგარიშო პერიოდისთვის, თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული Luxco-ს მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ), გამოკლებული შენატანების 0.1%.

• GCF GP-მ დანიშნა კომპანია პარტნიორობასთან დაკავშირებული საინვესტიციო და დამხმარე მომსახურების გასაწევად, რაც მოიცავს გენერალური პარტნიორისთვის რეკომენდაციების გაწევას ინვესტიციების შეძენა, განკარგვა და რეალიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, კომპანიამ, გენერალური პარტნიორის მოთხოვნისამებრ, უნდა გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან საინვესტიციო კონსულტაციები გენერალური პარტნიორის მიერ ინვესტირებულ ერთ ან მეტ კომპანიას, საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანიასა თუ გენერალურ პარტნიორთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა სპეციალური დანიშნულების მექანიზმს - სარგებლის მიღების მიზნით. კომპანიის ყოველწლიური ანაზღაურება („ინვესტიციების მართვისთვის ანაზღაურება“), გამოითვლება როგორც Luxco-ს კაპიტალში მთლიანი შენატანის 0.1%-ს, რაც განხორცილებულია პარტნიორობაში ყველა შეზღუდული პარტნიორის მიერ და ინვესტირებულია პარტნიორობის მიერ Luxco-ში. 2017 წელს კომპანიამ დადო ზოგადი მმართველობითი მომსახურების და წილების მართვის ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ (GTDF):

• საერთო მართვის მომსახურების ჩარჩო შეთანხმებები კომპანიას აძლევს უფლებას მართოს და აკონტროლოს მართვაში მყოფი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა. წილის მართვის შესახებ შეთანხმებები ეხება GTDF-ის შვილობილი კომპანიების წილების ჯეროვნად მართვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საერთო მართვის მომსახურების გაწევისთვის ანაზღაურება დამოკიდებულია პროექტის სავარაუდო ღირებულებაზე, რომელიც მოიცავს პროექტისათვის სავარაუდო ინვესტიციებს, მაშინ როდესაც წილის მართვისთვის ანაზღაურება ფიქსირებულია ხელშეკრულებით, წილის მართვის ხელშეკრულებები შეწყდა 2018 წლის აპრილში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივების მოცულობა 6,924,000 ლარია. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილი გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნოდა, ანგარიშგების მომზადების პერიოდისთვის კი, მისი მმართველი ცოტნე ებრალიძე იყო.

თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: ის კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და რამდენიმე შვილობილის გავლით ფუნქციონირებს, მათგან ერთი ლუქსემბურგშია დაფუძნებული. ფონდის პროექტებს შორისაა “გალერია თბილისი”, “მტკვარის ჰიდროელექტროსადგურის”, “ონის ჰესების კასკადისა” და “ცხენისწყლის ჰესის” პროექტი ეკუთვნის. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფონდი ფლობს “საქართველოს სათბურის კორპორაციას”, “პლანტას” და “გეოაგროს”, მრეწველობის მიმართულებით კი არის “ჰაიდელბერგცემენტის” თანაინვესტორი.

უძრავი ქონების მიმართულებით ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი “აქსის თაუერსია”.