მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილიკი, კომერციული, რეკრეაციული, სპორტული ზონები - ქობულეთის სანაპირო ზოლის პროექტის ბიუჯეტი ₾7.6 მლნ-ია

6249c7357fbdd
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 20:09
1384
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 600 000 ლარია გამოყოფილი.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხორციელდება.

„პროექტის მიხედვით, ქობულეთში მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე სანაპირო ზოლის 885 მეტრის სიგრძის გამყოფი კედელი, 900 მეტრის სიგრძისა და 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი ეწყობა. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ გათვალისწინებულია კომერციული ზონების, რეკრეაციული, საბავშვო და სპორტული ზონების მოწყობა ატრაქციონებითა და პლაჟის ფეხბურთის მოედნით. რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყობა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ხოლო ძველ ბულვართან დასაკავშირებლად აშენდება საფეხმავლო ხიდი.

ქობულეთის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 7 600 000 ლარია. პროექტის განხორციელება 2021 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები ქალაქ ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტებისათვის აჭარის რეგიონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,000,000 ლარია გამოყოფილი.