მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროებში თანამშრომლობენ საქართველო და აზერბაიჯანი?

643003e74a599
გიგა ბენია
07.04.23 15:47
493
"შუა დერეფანში ტვირთების გატარების საერთო სატარიფო პოლიტიკა უნდა გვქონდეს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვა სამომავლოდ გაიზრდება და ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება.

"მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენჯერმე ვესტუმრე ცენტრალური აზიის ქვეყნებს და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთი „შუა დერეფნით“ გატარდება, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მხოლოდ ტრანსპორტის მიმართულებით არ შემოიფარგლება. ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყნებს შორის კავშირები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები