საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი ევროპას მიაწოდოს მწვანე და განახლებადი ენერგია - პრემიერი
BM.GE
07.04.23 16:53
• 484
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნიათ დიდი პოტენციალი ევროკავშირს მიაწოდონ განახლებადი ენერგია.
“ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ, შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით თბილისში საქართველოს; აზერბაიჯანის; რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ევროკავშირის ელჩი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ესწრებოდნენ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.