მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევი

მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩავიდა. გუშინ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის განსახილველი საკითხები საჯაროდ არ გახმაურებულა, თანაც ვიზიტი ემთხვევა აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას, რაც 6 ოქტომბერს მოხდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან სამხედრო შეთანხმების შინაარსობრივ ნაწილზე ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა, აზერბაიჯანული მხარის ცნობით ის მოიცავს თანამშრომლობას სამხედრო სწავლების, უსაფრთხოების პოლიტიკის, ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და სხვა საკითხებში.

მათ გარდა საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს.

“ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო – ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.
ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით,”- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ყულევის ნავთობტერმინალს კომპანია Socar-ი 2006 წლიდან ფლობს. ტერმინალში სულ 27 რეზერვუარი მდებარეობს, რომელთა ჯამური მოცულობაც 402 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ამ ტერმინალების საერთო გამტარიანობა წლიურად 10 მილიონი ტონაა. ტერმინალი ექსპოატაციაში 2008 წელს შევიდა და მისი საშუალებით ნედლი ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე გადის. უცნობია რა იყო ტერმინალის შემოსავალი 2022 წელს, თუმცა 2021-ში ყულევის ტერმინალმა 64 მილიონი ლარის შემოსავალი და 19 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ტერმინალის აქტივები 159 მილიონ ლარს შეადგენს.

უცნობია ზუსტად რა სახით განიხილება ამ ტერმინალის გაფართოების საკითხი და რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ამ მიმართულებით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები