მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ EU-ს სასარგებლოდ 1,1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე თქვა უარი

ეკო

საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვაზე თქვა უარი - ამის შესახებ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე აღინიშნა. ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იღებს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი.

2023 წლის განმავლობაში მილსადენ SCP-ის მეშვეობით, საქართველოს გავლით თურქეთს და ევროკავშირს საერთო ჯამში 21.4 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.6 მილიარდი კუბური მეტრით მეტი იყო. ამასთან, გასულ წელს საქართველომ 9%-ით, 313 მილიონ დოლარამდე შეამცირა აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვა, რუსეთიდან კი 18%-ით, 110 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სამხრეთის აზის კორიდორის სამიტზე სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან).

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით EU-სკენ გადამისამართებაზე. ამ შეთანხმებით რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის 249 კმ გადის.

საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის (NSGP) მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს (SCP), მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2023 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 21.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები