მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან და დღგ-დან 1 მილიარდ ლარზე მეტი შედის

62404768d9710
BM.GE
27.03.22 15:07
2243
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. ფასების ზრდა სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობით, რადგანაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $113 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს. 

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.71 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 66 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 1.04 ლარია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 2.67 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ ბენზინის და დიზელის, ასევე სხვა ნავთობპროდუქტების აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. საწვავის დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს მომხმარებლებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1,160,000,000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.

დღეს საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.