მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ასოციაცია სესხების ლარში გაცემაზე 200-ათასიანი ზღვარის დაწევას ითხოვს

5e3d6518cbae4
დავით ჯალაღონია
07.02.20 18:00
1111
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციების შერბილებასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით შემოღებული შეზღუდვის გადახედვას ითხოვს, რომელიც 200 ათასი ლარის ფარგლებში სესხების გაცემას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ითვალისწინებს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა, ამიტომ განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორში ლარში დაკრედიტება აზრს კარგავს.

"ჯამურად თუ შევხედავთ სტატისტიკას, შეიძლება ზოგადად, მშენებლობის ინდუსტრიაში განსაკუთრებული ვარდნა არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშენებლობის ინდუსტრიაში ხვდება სახელმწიფო ინვესტიციებით განხორციელებული პროექტებიც, შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი, მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა თუ თქვენ მიხვალთ და კერძო დეველოპერებს დაელაპარაკებით, ყველა გეტყვით, რა ვარდნები ჰქონდათ - 20-30%-იანი ვარდნები ჰქონდათ გაყიდვებში, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური ხელმიუწვდომლობა ქმნიდა მთავარ ბარიერს გაყიდვებსა და მომავალ მომხმარებლებს შორის და ამას წლის ბოლოს დაემატა ის, რომ იმას, ვისაც ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ჰქონდათ შესაძლებლობა, სესხი აეღოთ, მათ ელემენტარულად გაუძვირდათ ფინანსური საშუალებები ლარში და ისინი ვეღარ სესხულობდნენ ლარში, სწორედ იმიტომ, რომ არის 10-15%-იანი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც საფინანსო ხარჯს არაგონივრულს ხდის იმისათვის, რომ უძრავი ქონება შეიძინო", - განაცხადა ვეფხვაძემ.

ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბიზნეს ასოციაცია გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

"ჩვენ გვქონდა საუბარი, კონკრეტული ახსნა იმისა, რომ ერთდროულად რეგულაციებმა და დედოლარიზაციის მაღალმა ტემპმა, ასევე საგარეო შოკმა, მოგვცა ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, ამიტომ ჩვენი შეთავაზება და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კომპონენტებიდან გარკვეული შემსუბუქებაა საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარებისთვის შეიქმნას შესაბამისი წინაპირობა. თუ ბიზნესი არ განვითარდება, იქნება პრობლემა და ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ მოხმარებას დავაგდებთ და მოხმარების ვარდნა ეკონომიკაზე ცუდად აისახება.

200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათასამდე დაწევა სამშენებლო, ასევე, ავტომობილების ინდუსტრიას დაეხმარება, რადგან დღეს ლარში სესხება პრაქტიკულად შეუძლებელია", - აღნიშნა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ საბანკო რეგულაციების გამარტივების თემაზე ასოციაცია მიმდინარე თვის ბოლოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთანაც გეგმავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტში საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მისი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაავრცელა.