მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფოებს ბაზარზე ჭერის დაწესება მოუწიათ“ - რა რისკები ახლავს ენერგეტიკული ბაზრის გახსნას?

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გეოპოლიტიკური რისკების გამო ენერგეტიკული ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად 2024 წლის 1 ივლისამდეა გადავადებული. ბაზრის გახსნისთვის ტექნიკურად ქვეყანა მზად არის, თუმცა იმის გამო, რომ ღია ბაზრის კონცეფციაში გათვალისწინებულია იმპორტირებული ელექტროენერგიაც, ბირჟის გაშვება გადავადდა, რადგან ბაზრის გახსნას შესაძლებელია ფასების მხრივ რყევები გამოეწვია. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა დაკვირვების რეჟიმშია, რომ ბაზრის გახსნა როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს.

ენერგორესურსებზე არასტაბილური ფასების გათვალისწინებით ბირჟის გაშვებას სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„აღმოჩნდა, რომ დღით ადრე და დღით შიგნით ბაზრები არ არის მდგრადი იმ კრიზისების მიმართ, რომელიც ხდება ენერგეტიკული მიმართულებით. როდესაც დავინახეთ, რომ სახელმწიფოებს მოუწიათ ბაზრებზე ჭერის დაწესება, იქ უკვე სამართლიან ფასზე შეუძლებელია ლაპარაკი. სამართლიანი ფასი, რომელიც განისაზღვრება არა რეალური ფასით, არამედ მოლოდინებით, მას უკვე იმდენად მაღლა მიჰყავს ფასი, რომ ქმნის წნეხს მომხმარებელზე და ურტყამს ეკონომიკას. იქაც კი დაფიქრდნენ, ხომ არ ჯობია ისევ გრძელვადიანი კონტრაქტების წილი გავზარდოთ ბაზრებზე, რომ უფრო მეტი მდგრადობა იყოს კრიზისების დროს. შესაბამისად მე მაინც მგონია, რომ სანამ ბაზრის გახსნაზე/არგახსნაზე დავიწყებთ ლაპარაკს, კარგად გადავხედოთ რა დისკუსია/დებატები მიდის თვითონ ევროპულ ქვეყნებში იმისათვის, რომ ამ დებატების შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ჩვენ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ვართ, რადგან ჩვენს გარშემო მსგავსი მოდელი არსად არის, შესაბამისად თუ შენს გარშემო ქვეყნებში, საიდანაც შენ იმპორტს ეწევი, მსგავსი მოდელი არ არის, შენი ბაზარი როგორ იმუშავებს? ეს არის სწორედ ყველაზე უხერხული საკითხი და საფიქრალი“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ელექტროენერგეტიკული ბირჟის კონცეფცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დროში ერთად მოხდება როგორც გაზის, ისე ელექტროენერგეტიკული ბირჟების ამოქმედება, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ხარჯების დაზოგვის მიზეზით ხსნის. სიახლეა ისიც, რომ კომპანიებისთვის ბირჟაზე რეგისტრაცია და ვაჭრობა რამდენიმე წელი სავალდებულო აღარ იქნება.

ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება საქართველოს ევროკავშირის წინაშე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულების ნაწილია. ბირჟაზე უნდა განისაზღვროს საბითუმო ელექტროენერგიის ღირებულება, თუმცა, ამ ბაზრის ამოქმედება უკვე ექვსჯერ გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები