საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1 ივლისამდეა გადავადებული. ხარჯების დაზოგვის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ელექტროენერგეტიკის და გაზის ბაზრები ერთად გახსნას, განხილვაშია ბირჟაზე ნებაყოფლობით ვაჭრობის პრინციპის შემოტანაც.
„განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნული ბირჟის გახსნა უნდა იყოს უმტკივნეულო. მათ შორის შეიძლება რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი და სხვადასხვა სახის ბირჟის გახსნა. რა თქმა უნდა ეს იქნება გარკვეული ვადით ნებაყოფლობით, კონცეფცია იქნება შეკრული და ამასაც გაგიზიარებთ აუცილებლად“,- განუცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ BMG-ს.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თვლის, რომ ძალდატანების გარეშე, გენერაციის ობიექტების ბირჟაზე ვაჭრობის ნებაყოფლობითობა, უფრო სწორი და ჯანსაღი მიდგომაა.
„ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, ნებაყოფლობითი იყოს ვაჭრობა ელექტრონულ ბირჟაზე. დასავლურ ქვეყნებსაც რომ შევხედოთ, გერმანიაშიც დღით ადრე და დღის შიგნით დაახლოებით მთლიანი მომხმარებლების და გენერაციის ობიექტების ვაჭრობის 30-35%-ია, დანარჩენი არის გრძელვადიანი კონტრაქტები.
ზოგადად ის მიდგომა, რომ ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს გენერაციას თუ მომხმარებელს რამდენად აქვს სურვილი ივაჭროს ბირჟაზე, უფრო სწორი და ჯანსაღი მიდგომაა. თუ ნახავენ სარგებელს ამ დღით ადრე ვაჭრობაში ივაჭრებენ, თუ არ ნახავენ, არ ივაჭრებენ. ყოველგვარი ძალდატანება არასწორია და კერძო სექტორს არ უყვარს ზედმეტი რეგულაციები და ზედმეტი ძალადობა, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა იყოს ნებაყოფლობითი ვაჭრობა“,- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.