მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს სამართლიანი მოლოდინი, სიმძლავრის აუქციონებში ფასი 6 ცენტზე მაღალი იქნება - გიორგი აბრამიშვილი

640071027edd7
ელენე გოგბერაშვილი
04.03.23 14:10
1277
განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონები უკვე გამოცხადდა. მთავრობამ 10 თებერვალს აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა.

PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შედის ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს.

ბიზნესს აუქციონის გამოცხადებიდან 45 დღიანი ვადა აქვს სასურველ პროექტებზე განაცხადები წარადგინონ. როგორ იმუშავებს CFD მოდელი დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდება, როცა პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონები დასრულდება.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, როგორც ჰიდროს, ისე მზის და ქარის პროექტების აუქციონების მიმართ ინტერესი მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანი კითხვა, რაც რჩება ეხება აუქციონში გამარჯვების მთავარ კრიტერიუმს- ფასს, რაც გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ორ რისკს წარმოშობს.

„განმსაზღვრელი აუქციონში გამარჯვების არის მხოლოდ და მხოლოდ ფასი. ანუ ჩვენ ერთი მხრივ გვინდა ტექნიკური მაღალი სტანდარტები გვქონდეს, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტები, ასევე გვინდა, რომ ეს პროექტები სოციალური კუთხით იყოს დახუნძული და მეორე მხრივ ჩვენ ვთავაზობთ გამარჯვების კრიტერიუმს მხოლოდ და მხოლოდ ფასს. აქედან გამომდინარე ორი საშიშროება წარმოიშობა: ერთი ის, რომ ნაკლებად გამოცდილი კომპანიები, რომელსაც პროექტების განხორციელების მთელი ეს ჯაჭვი კარგად არ ესმით შედარებით დაბალი ფასით შემოვლენ აუქციონებში და მერე ვეღარ შეძლებენ განხორციელებას რეალურად ამ პროექტების.

მეორე საშიშროებაა, ვინც განახორციელებს, მათ მოუწევთ კომპრომისების გაკეთება სწორედ იმ სტანდარტებზე და ხარისხის ნაწილზე და შეიძლება მივიღოთ საბოლოო ჯამში ნაკლებად ხარისხიანი ან შუაში გაჩერებული პროექტები“,-აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მას მოლოდინი აქვს, რომ აუქციონების შედეგად მედიანური ფასი 6 ცენტზე მაღალი იქნება.

„ამის მოლოდინი არის და ვფიქრობთ, სამართლიანი მოლოდინია ამის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადგილზე არაფრის წარმოება არ გაგვაჩნია, არც მექანიკური მოწყობილობები, არც სამშენებლო მასალების და ხშირ შემთხვევაში ადამიანური რესურსის იმპორტირებაც გვიწევს ხოლმე, იქნება ეს ინჟინრები თუ მკვლევარები. მსოფლიოში ფასები რადიკალურად არის გაზრდილი, დაწყებული მეტალით, საწვავზე, მასალებზე... შესაბამისად ეს აისახება პროექტზე და მეორე მხრივ არის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობდი. იმედი მაქვს, რომ კომპანიები გაითვალისწინებენ ამ სტანდარტებს, გაითვალისწინებენ იმ უარყოფით გამოცდილებებს, რაც იყო შეჩერებები, სოციალური პროტესტები... ეს ყველაფერი დროს და რესურს მოითხოვს, შესაბამისად ჩვენც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ფასი 6 ცენტზე მაღალი იქნება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ბაზარზე ძალიან არის გაზრდილი ელექტროენერგიაზე ფასი. თურქეთში დაახლოებით 20 ცენტამდეა კილოვატის ფასი და ევროპაში 40-45 ცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც გამოწვეულია ზოგადად გეოპოლიტიკური მდგომარეობით. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება, რადგან ყველაფერზე 100-150%-ით არის ფასი გაზრდილი, შესაბამისად ელექტროენერგიაც ვერ იქნება გამონაკლისი“,-აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მისი განმარტებით, შეთავაზებულ ფასზე აისახება ასევე მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, ჩანაწერი, რომელიც წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასა და საბოლოო კვლევას შორის დაფიქსირებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობის შემთხვევაში ტარიფის კლებას ითვალისწინებს.

„ამის გათვალისწინებით ინვესტორები შეეცდებიან ეს ბუფერი დაიჭირონ და ისეთი ფასით შემოვიდნენ, რომ მერე შეიძლება ამ ფასმა დაიკლოს და საბოლოოდ მაინც ის ფასი დარჩეს, რომელიც იქნება ეკონომიკურად გამართლებული იმისათვის, რომ პროექტები განხორციელდეს“,-აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები