მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-2024 წლებში, საერთაშორისო ბანკებმა საქართველოს ენერგეტიკაში $1.5 მლრდ ჩადეს - გიორგი აბრამიშვილი

აბრამიშვილი

GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარის და კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორის გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში აშშ-ის და ევროკავშირის წვლილი ძალიან დიდია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის ჩადებულ ინვესტიციებზე ისაუბრა.

გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ 2020-2024 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, ენერგეტიკის სისტემაში, დაახლოებით, 1.5 მილიარდია ინვესტირებული.

„შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, რაშიც ევროკავშირი გვიჭერს მხარს და და ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტები. როგორც ვიცით, მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის საქართველოსთვის $35 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების ნაწილია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია და ენერგეტიკული ბირჟის რეფორმა, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს; EBRD-ის მეშვეობით, ევროკავშირი გვეხმარება ენგურჰესის რეაბილიტაციაში, რომლის ჯამური ბიუჯეტი 45 მლნ ევროზე მეტია და ა.შ. სხვა არაერთი პროექტია ენერგეტიკაში, რომლისთვისაც მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - EBRD, ADB, KFW, WB - 885 მლნ ევროს და 349 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც ჯამში, 1.5 მილიარდი დოლარია“, - თქვა გიორგი აბრამიშვილმა.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში ცალკე გამოყო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, USAID-ის წვლილი საქართველოს ენერგეტიკის მხარდაჭერაში და რამდენიმე მაგალითიც გაიხსენა.

„ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, 1997 წელს როდესაც სემეკი ჩამოყალიბდა, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა USAID-ს - ენერგეტიკის შესახებ პირველი კანონის დაწერაში სწორედ USAID დაგვეხმარა. ასევე, 2005 წელს USAID-მა ჩაატარა საქართველოს ჰიდრორესურსების კვლევა, რომელიც მაშინ ერთადერთი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ძალიან დიდი როლი ითამაშა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. საბოლოო ჯამში, 2000-იანი წლებიდან, USAID-მა საქართველოს ენერგეტიკას საჩუქრად 300 მილიონ დოლარამდე საჩუქრად გადასცა“, - თქვა გიორგი აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები