ანალიტიკური ცენტრი „საერთაშორისო გამოცდილება - საქართველოს“ დამფუძნებლის მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, „რუსული კანონის“ გამო, დონორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ.
ანალიტიკური ცენტრის „საერთაშორისო გამოცდილება - საქართველოს“ ვებგვერდის თანახმად, ორგანიზაციის პარტნიორებს შორის არიან სახელმწიფო უწყებები, ხოლო დონორებს შორისაა: UNDP, USAID, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, ADB, OECD, ევროკომისია და ა.შ.
"გარკვეული პროექტები დაგვიმთავრდა. ახალი პროექტები ძალიან მცირეა. დონორები მოლოდინის რეჟიმში არიან. მიმდინარე პროექტებს ასრულებენ და ახლების დაწყებისგან თავს იკავებენ, რაც სავსებით გასაგებია, რადგან შენ თუ უცხო ძალად გაცხადებენ და ა.შ. ისინიც შეცვლიან მიდგომას. მაგალითად, USAID-ი მუშაობს შუა აზიის ავტორიტარულ ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი USAID-ს მტრად არ აცხადებენ, პირიქით, ცდილობენ, დახმარებები მიიღონ და გამოიყენონ. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც დონორს მტრად და უცხო ძალად აცხადებ, ბუნებრივია, ამ პროექტების განხორციელება არ გამოვა. იგივე შეგვეხება ჩვენ. ჩვენ თუ ვართ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი, გამოდის, რომ ჩვენი მთავარი საქმიანობა რაც არის, მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა, ანალიტიკური უზრუნველყოფა, ხელშეწყობა სტრატეგიული დოკუმენტების და კანონების შემუშავება, ეს როგორ გამოვა?! - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
მურმან მარგველაშვილისთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია შეურაცხმყოფელია, ამიტომ თავისი ნებით რეესტრში არ დარეგისტრირდება, ხოლო თუ ძალით დაარეგისტრირებენ, მოუწევს საქმიანობა შეაჩეროს.
„მაგალითს გეტყვით, პარლამენტმა {2024 წლის 28 ივნისს} დაამტკიცა "საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის" დოკუმენტი, რომლის შექმნაშიც ვმონაწილეობდით. დაფინანსების წყარო USAID-ი იყო. ჩვენ თუ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ვართ, USAID-ი კი - უცხო ძალა, მაშინ ეს დოკუმენტი არ უნდა იყოს გამოყენებული... ჩვენ ნებაყოფლობით არ დავრეგისტრირდებით და თუ ძალით დაგვარეგისტრირებენ, მოგვიწევს საქმიანობის შეჩერება, რადგან აზრი დაეკარგება ჩვენს საქმიანობას - იარლიყით, რომ ვართ უცხო ძალა, სამინისტროებში ვერ მივალ და იმ ხალხს ვერ დაველაპარაკები“, - აღნიშნა მან.