მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მგონია, ამ კანონის მთავარი მიზანი გამჭვირვალობის დამალვაა“ - მურმან მარგველაშვილი

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მურმან მარგველაშვილი თვლის, რომ დემაგოგიური არგუმენტი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გამჭვირვალობისთვის უნდა მიიღონ, კომიკურია. „საქმიან დილაში“ სტუმრობისას მან საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობის დამალვაა.

მურმან მარგველაშვილი კანონპროექტის შინაარსობრივი ნაწილის შეფასებით იწყებს და ამბობს, რომ კანონის მიღებით კონსტიტუციურ ჩანაწერზე შეტევა მოხდება, რადგან იქ გაწერილია, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ის თვლის, რომ მმართველი ძალა გამჭვირვალობის საბაბით, გამჭვირვალობის უზრუნველმყოფ არასამთავრობოებს ებრძვის.

„კანონის განმარტებით ბარათში მოტივი და მიზანი უნდა იყოს ახსნილი. ეს ბარათი გულდასმით წავიკითხე და დავინახე: არ არის ახსნილი რა არის პრობლემა, რატომ არ შეიძლება თუ რამე პრობლემა არის არსებული კანონმდებლობით იყოს გადაჭრილი, არ არის გატარებული კანონის მიღების სარგებლიანობის და ზიანის ანალიზი, არ არის ჩატარებული კონსულტაციები და რაც ახლა გვესმის ეს აღშფოთებული, ემოციური გამოსვლებია, რომელიც დემაგოგიასთან ძალიან ახლოსაა, თუ პირდაპირ კლასიკური დემაგოგია არ არის, სადაც სრულიად გაუგებარია მართლა რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. ძალიან საეჭვოდ ხდება ეს ამბავი და არ მინდა ცუდი ვიფიქრო, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მთელი თავისი შედეგებით, თუნდაც ის, რაც ქუჩაში ხდება, თუნდაც ის რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მისი ოფიციალური პირები გვეუბნებიან, ეს თითქოს პირდაპირი შეტევაა კონსტიტუციურ ჩანაწერზე, რომ ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ამიტომ მიზანი რა არის - ვერ გეტყვით. ის დემაგოგიური არგუმენტი, რომ ამის მიზანი გამჭვირვალობაა, ცოტა კომიკურად გამოიყურება, როცა გამჭვირვალობის საბაბით გამჭვირვალობის მაკონტროლებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვი.

მგონია, რომ ამ კანონის მთავარი მიზანი გამჭვირვალობის დამალვაა და ეს ჩვენი ფულის, გადასახადების გაუმჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობის შენარჩუნებაა. ეს არის მცდელობა ჩვენი ფულის გამჭვირვალობიდან, ყურადღება გადატანილ იქნეს ამერიკელების, შვედების, ევროპელების გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობაზე. იმ ფულს ძალიან მკაცრი გამჭვირვალობის პროცედურები მოჰყვება, რაც ძალიან კარგად იციან მათ, ვისაც ამასთან შეხება ჰქონია. იქ არის კონტროლის მექანიზმები, რომ იმ ფულის გამჭვირვალობის და ანგარიშგებები წარვუდგინოთ დონორებს, მეორეა სახელმწიფოსთან პასუხისმგებლობა. აქაც ჩვენ ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციებს ვაბარებთ, წლის ბოლოს - წლიურ დეკლარაციას და ვიხდით გადასახადებს, სახელმწიფომ მშვენივრად იცის ეს ფული საიდან მოვიდა და რა გადასახადები გადავიხადეთ“, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

მისი განმარტებით, ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" სახელმწიფო უწყებებთან დონორების დაფინანსებით, ინსტიტუციების მშენებლობაზე მუშაობს. ამ პროცესში მისთვის, როგორც მოქალაქისთვის და პროფესიონალისთვის, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკვრა შეურაცხმყოფელია.

„კიდევ რატომ იცის სახელმწიფომ საიდან მოვიდა ეს ფული - ჩვენი ორგანიზაცია ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ახლა ხუთ მიმართულებაზე ვმუშაობთ და ვეხმარებით ისეთი დოკუმენტების შექმნაში, რომლითაც სახელმწიფომ სესხი უნდა მიიღოს. დასავლელი პარტნიორები გვაძლევენ სესხს, რომ ქვეყანა ვაშენოთ, ინსტიტუციები გავმართოთ და თუ მიიღებთ მაგალითად ენერგოეფექტიანობის კანონს, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერას თუ გავაკეთებთ, კლიმატისთვის თუ მოვემზადებით, რომ არ დაგვაზარალოს, ისინი ამ დახმარებას კიდევ გაგვიწევენ. ამ დახმარების მიღებაში ვეხმარებით სახელმწიფოს.

აქ ორმაგი შეურაცხყოფაა, პირველი როგორც მოქალაქის... ძალიან მაინტერესებს თვალებში შევხედო იმ ადამიანს, რომელიც მე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს მეძახის - ყველას მინდა თვალებში შევხედო და დაველაპარაკო. რადგან მგონია, რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორია ეს ხალხი არ არის, არამედ დანარჩენი ხალხია, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და რომელიც ამ ვაი პროპაგანდითაა დაბნეული, იქნებ მოვახერხოთ და დებატები გავმართოთ, რატომ ვარ მე - მურმან მარგველაშვილი და ჩემი ორგანიზაცია, რომელშიც ძალიან კარგი ხალხი მყავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი - აგვიხსნან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები