მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საბაზრო მექანიზმის საწინააღმდეგოა“ - მურმან მარგველაშვილი დენის იმპორტში შუამავლების გამოთიშვაზე

მურმან მარგველაშვილი

„საბაზრო მექანიზმის საწინააღმდეგოა“ - ასე ეხმიანება ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის იმპორტიდან შუამავალი კომპანიების გამოთიშვის შესახებ.

როგორც კობახიძემ დღეს განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი კითხვა, რასაც მურმან მარგველაშვილი სვამს არის ის, თუ რა გარანტია არსებობს, რომ სახელმწიფო და ის მომლაპარაკებელი სამინისტროს სახელით უფრო კარგად აწარმოებს მოლაპარაკების პროცესს სხვა მხარეებთან, რომ უფრო ფართოდ მოიკვლევს ბაზარს, მიმოიხილავს და მოიძიებს ალტერნატივებს და ოპტიმალურს აირჩევს.

“ჩვენი წინა გამოცდილება ამის რწმუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს” - ამბობს მურმან მარგველაშვილი “ანალიტიკა”-სთან და მაგალითად მოჰყავს, რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები თუ საარბიტრაჟო დავები თუ ტრანზიტის ხელშეკრულებები. მისი თქმით, თუ სურვილია, რომ რაიმე გაუმჯობესდეს, მაშინ უნდა შეიცვალოს მართვის დახურული სისტემა, სადაც “ჩვენ გვაქვს პრეზუმფცია კვალიფიციურობის და სახელმწიფო ინტერესების მატარებლობის. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ამას სჭირდება კონტროლი და გადამოწმება”.

მურმან მარგველაშვილს მიაჩნია, რომ გეზი, რომელიც ჰქონდა ქვეყანას არჩეული გამჭვირვალობის და საბაზო მექანიზმების დამყარების, თუ არ აღდგა, კიდევ უნდა ველოდოთ მძიმე შეცდომებს.

სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები