მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" უფრო მეტად მსხვილი საწარმოების ტარიფზე აისახება - გიორგი მარგებაძე

მარგებაძე

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის იმპოტრში ე.წ შუამავალი კომპანიების ამოგდებას უფრო მეტად გავლენა მსხვილი საწარმოების მიერ შესასყიდი დენის ტარიფზე ექნება.

როგორც BMG-სთან მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ეს ცვლილება ესკოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს შეამცირებს და საბითუმო ბაზარზე დენს გააიაფებს, რასაც მოლოდინია, რომ უფრო მეტად გავლენა იმ კომპანიების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ფასზე ენქება, ვინც თავისუფალ ბაზარზე ვაჭრობს.

საქმე ისაა, რომ როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ე.წ შუამავალი კომპანიების ამოგდებით საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას წინა ფასთან შედარებით ქვეყანა 0.2 დოლარცენტით ნაკლებად ყიდულობს, რაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარის დანაზოგს იძლევა. კობახიძე ამბობს, რომ ეს სამომავლოდ შესაძლოა, ტარიფის შემცირების საფუძველიც გახდეს.

“ელექტროენერგიის იმპორტი ჩვენი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 17%-მდეა მზარდია ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება. საერთო კალათაში საბოლოო ჯამში საბითუმო ფასი ჰიდროელექტროსადგურების, PPA-იანი სადგურების, გარანტირებული შესყიდვის ტარიფის საფუძველზე იკვრება და აქ დიდი წილი უჭირავს იმპორტსაც. თუ რაღაც X თანხაში აქამდე ვყიდულობდით ელექტროენერგიას, X-ს მინუს რაღაც ფასი იქნება, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ კალათაში შევა ნაკლები ღირებულების ელექტროენერგია და საბითუმო ელექტროენერგიის ფასი შემცირდება, თუმცა რამდენით და როგორ, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება.

ესკოს მიერ გასაყიდი ელექტროენერგიის ფასი დაჯდება ნაკლები. ეს ძირითადად, ყველაზე მეტად პირდაპირ მომხმარებლებზე, ანუ მსხვილ საწარმოებზე აისახება. არ ვიცი, სამომხმარებლო [საყოფაცხოვრებო მომხმარებლების] ტარიფზე ეს რამდენად აისახება, თუმცა ესკოს გასაყიდ ელექტროენერგიის ტარიფზე ნამდვილად ექნება გავლენა.

მოსახლეობის კუთხით ცოტა სხვანაირად არის გათვლილი [ტარიფი], თუმცა ესკოს ელექტროენერგიას პროვაიდერებიც ყიდულობენ, „ენერგო-პრო“ და „თელმიკო“, ისინიც ყიდულობენ ამ ელექტროენერგიას და წილობრივადაა უბრალოდ სანახავი რამდენია მათი წილი. ვფიქრობ, ძირითადად ეს უფრო შეეხება იმ პირდაპირ მომხმარებლებს, რომლებიც პირდაპირ ყიდულობენ ელექტროენერგიას ბაზარზე ესკოსგან და გენერაციიის ობიექტებისგან.

რა თქმა უნდა, მთლიანობაში სწორი გადაწყვეტილებაა, თუ ჩვენ ელექტროენერგიის გაიაფებაზე ვფიქრობთ, თუ შუამავალი კომპანია აღარ იქნება, რასაც ვყიდულობდით ძვირად, ახლა ვიყიდით ოდნავ უფრო იაფად”, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები