ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე და უფრო იაფად შესყიდვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩართულობით მოხერხდა. პრემიერის თქმით, წინა ფასთან შედარებით ქვეყანა 0.2 დოლარცენტით ნაკლებს იხდის, რაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარის დანაზოგს იძლევა და შესაძლოა, სამომავლოდ ტარიფის შემცირების საფუძველიც გახდეს.
პრემიერმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის გარდა, დენის შესყიდვა სხვა ქვეყნებიდანაც შუამავლის გარეშე, შვილობილი/პარტნიორი კომპანიების მეშვეობით ხდება.
საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძის 7 ოქტომბრის განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს.
"ჯამური თანხა რამდენად შემიძლია ვთქვა, არ ვიცი. შეიძლება, ეს კომერციული საიდუმლოებაა. რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ფასთან შედარებით 0.2 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ელექტროენერგიაში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა და ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს [გარდა აზერბაიჯანისა], ჩვენ შუამავლის საშუალებით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, რაც იგივეა, რაც პარტნიორი და არა შუამავალი კომპანია.
საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარზე და ეს, რა თქმა უნდა, ტარიფზე აისახება. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გაძლიერებას და ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"საქმის კურსის" დამაზუსტებელ კითხვაზე, ექნება თუ არა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შესაძლებლობა, რომ ტარიფების გადახედვისას ელექტროენერგიის ფასი შეამციროს, კობახიძემ უპასუხა:
"შევხედოთ, როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვის".
სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".
ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.
























