მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზე

კობახიძე რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზაში“ შუამავალი კომპანიების ჩამოცილება და პროცესების კორუფციისგან გაწმენდა დასრულდა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სისტემიდან უამრავი შუამავალი და გაურკვეველი დანიშნულების შვილობილი კომპანია ჩამოაცილეს.

"დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო, რომ მთლიანად გასუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი.

მხოლოდ საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე, ჩვენ მოვახერხეთ დაახლოებით 20 მილიონი ლარის დაზოგვა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაში, 1 100 ჭარბი შტატი იყო. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ არა მხოლოდ ზედა ეშელონები, სახელმწიფო სისტემა პრინციპულად გავწმინდეთ კორუფციისგან", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იქამდე, 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, „საქართველოს ფოსტიდან“ შუამავალ კომპანიებში გატანილი სერვისები, რომლებიც, სავარაუდოდ, „კორუფციის კარგი საშუალება იყო“, უკვე უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც კომპანია ყოველწლიურად დამატებით 14.2 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

იმავე დღეს, კობახიძემ თქვა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება, რის შედეგადაც სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს.

ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები