მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის შუამავალი კომპანიების გაუქმება რეალური ეკონომიკური რეფორმა? - გიორგი ხიშტოვანი 3 მიზეზს ასახელებს

გოგა ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ხელისუფლების მიერ შუამავალი კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ჯანსაღი ეკონომიკური რეფორმა არ არის და პირიქით, ის სისტემური ჩავარდნების შენიღბვას ემსახურება - ამის შესახებ ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დააზოგინებს. შუამავალი კომპანიები ჩამოშორდა "საქართველოს რკინიგზასაც".

ხიშტოვანის ანალიზით, ხელისუფლების ამ ნაბიჯის უკან სამი ძირითადი ფაქტორი დგას, რაც ნათლად აჩვენებს, რატომ არის ეს პროცესი არა სწორი სისტემური რეფორმა, არამედ იძულებითი, პოლიტიკურად მოტივირებული და პრობლემური გადაწყვეტილება.

მისი აზრით, მთავრობის მიერ შუამავლების თემის საჯაროდ გამოტანა არ ემსახურება გამჭვირვალე საბაზრო წესების დამკვიდრებას. ის ამბობს, რომ პირველი მიზეზი პოლიტიკურია - კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის სურვილი, კორუფციასთან უკომპრომისო მებრძოლის იმიჯი შეიქმნას.

"პირველი მგონია, რომ არის წმინდად პოლიტიკური მიზეზი, ანუ უშუალოდ ირაკლი კობახიძის მოტივაცია თუ სურვილი, თუ მიზანი, რომ მოგვევლინოს - არა უფრო ჩვენ, არამედ ბიძინა ივანიშვილს - როგორც კორუფციასთან მებრძოლი პოლიტიკოსი. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მის ინტერესში არის ასეთ ბრძოლებში შესვლა და შემდეგ საჯაროდ ასეთი განცხადებების კეთება, თუ რამდენი ლარი დაიზოგა. ეს მაგონებს პუტინის სტილს, როდესაც ისიც, ასე ვთქვათ, აქეთ-იქით ისვრის ხოლმე ათასობით რიცხვს, პროცენტს და აბრუებს მსმენელს", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ეკონომისტის მოსაზრებით, მეორე მიზეზი, რის გამოც შუამავლების ჩამოშორება აუცილებელი გახდა, სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნებში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას უკავშირდება. ხიშტოვანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ლოგისტიკურ ჯაჭვებში არსებულ არაეფექტიანობას შეხებოდა, რადგან ეს პირდაპირ ემუქრებოდა მათ საერთაშორისო პოზიციებს.

"ეს არის შუა დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები და იმის გაცნობიერება, ჩემი აზრით, "ქართული ოცნების", უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და, მათ შორის, ირაკლი კობახიძის მხრიდანაც, რომ შუა დერეფნის განვითარება არის საქართველოს, როგორც მათი ხელისუფლების გადარჩენის ან პერსპექტივის ერთ-ერთი მთავარი წყარო.

ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ პროცესშია ჩართული - ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა თუ საქართველოში - დღის წესრიგში დგას სისტემების ჰარმონიზაცია და რკინიგზის მოდერნიზაცია. ამ დერეფანში მონაწილეობა ქვეყნისთვის უკვე პოლიტიკური გარანტიების მიმცემია. სწორედ ამიტომ, "საქართველოს ფოსტისა" და "საქართველოს რკინიგზის" მაგალითზე, გეოპოლიტიკურმა რეალობამ "ქართული ოცნება" უბრალოდ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დააყენა", - ამბობს ხიშტოვანი.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, ეკონომისტის მოსაზრებით, ის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. კერძოდ, როგორც ხიშტოვანი "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, იმ ფონზე, რომ პოლიტიკურად ლოიალური ჯგუფები შუამავალი კომპანიებისგან წლების განმავლობაში იღებდნენ მოგებას, ქვეყნის ფისკალური შედეგები ამის შესაძლებლობას აღარ იძლევა.

"მესამე მიზეზი წმინდად ფისკალური და ეკონომიკური ფაქტორებია, რაც "ქართულ ოცნებას" გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე აყენებს. ეს "ნამცხვარი" უკვე საგრძნობლად დაპატარავდა და კიდევ უფრო პატარავდება, ხოლო ის ფისკალური რესურსი, რაც ხელისუფლებას გააჩნია და მომავალში ექნება, სტაბილურად მცირდება. ასეთ ფონზე, დენის ტარიფის შესაძლო ზრდა ინფლაციურ პროცესებსა და საზოგადოებაში მძაფრ უკმაყოფილებას გამოიწვევს", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, შუამავალი კომპანიების აკრძალვა არ ნიშნავს სწორი ეკონომიკური რეფორმის გატარებას. ნამდვილი გამოსავალი ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ბაზრების რეალურ ლიბერალიზაციასა და ჯანსაღ კონკურენციაშია, რასაც ევროკავშირი და IMF წლებია ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები