„ეს გადაწყვეტილება არის სწორი“ - ასე აფასებს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ელექტროენერგიის იმპორტიდან შუამავალი კომპანიების გამოთიშვის შესახებ დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას.
როგორც კობახიძემ დღეს განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაია მელიქიძის თქმით, შუამავლების არსებობა ქმნიდა დროსთან, საკომისიოსთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ ჯაჭვს, რაც ამძაფრებდა ისედაც „სოციალურად მგრძნობიარე“ თემას.
GREDA-ს აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები უფრო მეტად გაამარტივებს ელექტროენერგიის იმპორტის თემას, ვიდრე შუამავლების არსებობა.
„იყო პერიოდი, როდესაც შუამავლები არ არსებობდნენ. როდესაც ქვეყანას ჰქონდა ძალიან დიდი გამოწვევა - მაშინ გაჩნდნენ შუამავლები. შემდეგ მოხდა ამ შუამავლების ლეგიტიმურად და სწორად ჩახსნა. შემდეგ ისევ გაჩნდნენ შუამავლები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლანდელი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და შუამავლების არსებობა მომავალში აღარ იქნება გამოწვევა სექტორისთვის“, - უთხრა მაია მელიქიძემ „ანალიტიკა“-ს.
სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".
ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.
























