აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გეგმაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დენის ევროპაში ექსპორტისთვის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტისას, აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარდა, არ არის სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების ასეთი მოცულობებითაა უზრუნველყოფილი, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებით, ჩვენ ევროპულ ბაზარზეც გავალთ. ვინაიდან ამჟამად ევროპულ ბაზარზე საკუთარი ნავთობითა და გაზით უკვე გავედით, გვსურს ევროპაში ელექტროენერგიითაც შევიდეთ.
დღეს ერთადერთი მარშრუტი საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპაა. ჩვენ ეს მარშრუტი უნდა გავაფართოოთ“, - განაცხადა ალიევმა.
მან შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მზაობის შესახებ აღნიშნა და განაცხადა, რომ გარდა ამისა მეორე ხაზიც იქნება, რაც ექსპორტის რესურსს გაზრდის.
„ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში, COP29-ის მიმდინარეობისას, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ. ანუ ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
აზერბაიჯანი თავს წარმოაჩენს ქვეყნად, რომელიც აწარმოებს, იღებს, ატარებს და ექსპორტზე გააქვს ელექტროენერგია. ანუ ასეთია ჩვენი სტრატეგიული ხედვები და გეგმები. ვიმეორებ, ეს გეგმები ჩვენ გარშემო არსებული ქვეყნების ინტერესებს პასუხობს. უბრალოდ, საკოორდინაციო სამუშაოები სწორად და სათანადო დონეზე უნდა წარიმართოს, ხოლო მოლაპარაკებები უნდა დაჩქარდეს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც თურქეთთან, ასევე ირანთან. ჯერ ნაადრევია რამის თქმა. რაც შეეხება სომხეთს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: რაც უფრო სწრაფად შეიქმნება მის ტერიტორიაზე ენერგეტიკული დერეფანი, მით უკეთესი იქნება TRIPP-ისთვის და მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.




























