არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ დამფუძნებელ თენგიზ შერგელაშვილის შეფასებით, [გრანტების აკრძალვის კანონებმა] ძალიან ბევრი რამე გააფუჭა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა. თენგიზ შერგელაშვილის აზრით, რომელიც 2012-2016 წლებში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მესამე სექტორში შექმნილი გამოწვევები, დონორული დაფინანსების შემცირება და სახელმწიფო პოლიტიკის არათანმიმდევრულობა ქვეყნის განვითარებაზე პირდაპირ აისახება. “წერტილთან” ინტერვიუში თენგიზ შერგელაშვილმა არათანმიმდევრული უწოდა ირაკლი კობახიძის მთავრობის გადაწყვეტილებას, გაუქმდეს 1.5 წლის წინ თავად მთავრობის მიერვე დაფუძნებული გრანტების მართვის სააგენტო. “მიჭირს თქმა, რით არის [მთავრობის გადაწყვეტილება] განპირობებული. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც კი, ეს არ არის მიზანშეწონილი”, - აღნიშნა მან.
- “საქართველოს განვითარების პლატფორმა”, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია როგორ აგრძელებს საქმიანობას იმ პირობებში, როცა აიკრძალა უცხოური გრანტების მიღება? რამდენი ადამიანი ხართ დღეს დასაქმებული ორგანიზაციაში?
- ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად კოვიდის შემდგომ პერიოდში ფორმირდა. მას შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ჯანდაცვის პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეკონომიკის საკითხებში, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და, მათ შორის, USAID-ის დახურვამ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საკმაოდ დიდ კონტრაქტებს ვახორციელებდით, სერიოზული ზეგავლენა იქონია. დღეს, რეალურად, ანალიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად ისეთივე რესურსები აღარ გვაქვს. ჩვენი ამბიცია თავიდანვე იყო და დღესაც რჩება აბსოლუტურად პოლიტიკური აფილაციისგან დაცლილი, ობიექტური შეფასებების კეთება. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცემული პუბლიკაცია მოიცავს როგორც 2004-2012 წლების, ისე 2012 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდს. მასში იმდენი დადებითი თუ ნეგატიური ტენდენცია და საერთო პრობლემა გვაქვს ასახული, რომ ყველაზე მონდომებული ადამიანიც კი ვერ იტყვის, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ მხარეს ვემხრობით. ვცდილობთ, მიდგომა იყოს მაქსიმალურად ტექნოკრატიული და მონაცემებზე დაფუძნებული, რადგან არასწორი დიაგნოზებისა და სტერეოტიპების გამო საბოლოოდ ერთ ადგილას ვდგებით.
- ახლა რა ფინანსური და ადამიანური რესურსით აგრძელებთ მუშაობას?
- ახლა, ფაქტობრივად, ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე, საკუთარი ენთუზიაზმითა და თვითშემოქმედებით ვართ დაკავებული. პერიოდულად, არის ე.წ. “ქრაუდ ფანდინგი”, როდესაც მოქალაქეები ერთვებიან და მხარს უჭერენ მსგავს პროექტებს. ეს ფორმატი საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და გვინდა გამოვიყენოთ, რათა გარკვეული რესურსი მობილიზდეს. მთავარი მიზანი დისკუსიების გახსნაა, რასაც ანალიტიკური და სადისკუსიო ბაზა სჭირდება. ბოლო ხუთ წელიწადში ექვსი პუბლიკაცია გამოვეცით და თითოეულს აწერია „სადისკუსიო მასალა“. ამ ქვეყანას სჭირდება რეალური დისკუსია და არა ის, რასაც პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე ტელევიზორში ყოველდღე ვუყურებთ. კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას სჭირდება პლატფორმები, მასალების თავმოყრა, ანალიზი და ადამიანების ჩართულობა, ამას კი რესურსები სჭირდება. სამწუხაროდ, ეს რესურსები არ იმატებს, პირიქით - მინიმუმამდე დადის. ეს არის დღევანდელი რეალობა.
- თქვენი ორგანიზაცია თავის დროზე დარეგისტრირდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“. რა მოგცათ ამ რეგისტრაციამ? - დარჩნენ დონორები, რომლებმაც გრანტები გააგრძელეს და მთავრობამაც თანხმობა გასცა?
- რაიმე კონკრეტული შედეგი ამას არ მოუტანია. ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ კანონმდებლობას, ვიმოქმედებდით მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად და მონაცემები გავაგზავნეთ. რეალურად, შედეგი ვერც მათ მიიღეს, ვინც ეს კანონი შექმნა. საბოლოოდ მივიღეთ სურათი, სადაც ორგანიზაციები, ვის წინააღმდეგაც ეს იყო მიმართული, არ დარეგისტრირდნენ (მხოლოდ 200-400-მდე სუბიექტი დარეგისტრირდა).
- თუმცა ე.წ. რუსულმა კანონმა მთლიანად არასამთავრობო სექტორი, ფაქტობრივად, გააქრო…
- დიახ, საბოლოო ჯამში, მთელი სექტორი დააზიანა. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც დაემთხვა, თუმცა ეს საკითხი სახელმწიფოსთვის პოლიტიკურ პრობლემად იქცა, რამაც პირდაპირ იმოქმედა დონორების მიდგომასა და პოლიტიკაზე.
- როდესაც დონორს, რომელიც ფინანსურად თუ ინტელექტუალურად გეხმარება, „უცხოურ ძალას“ უწოდებ, ბუნებრივია, რომ მან უარი თქვას პარტნიორობაზე…
- რა თქმა უნდა. თანაც, დონორების დიდი ნაწილის - იქნება ეს USAID, GIZ, თუ განსაკუთრებით UNDP - საქმიანობის 80% პირდაპირ კოორდინაციაში იყო სახელმწიფო უწყებებთან. ეს ხორციელდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე: უწერდნენ სამინისტროებს სტრატეგიებს, ახორციელებდნენ მონიტორინგს და არსებობდა მჭიდრო თანამშრომლობა. სრულიად გაუგებარი იყო ეს პოლიტიკა. პრობლემა, თუკი რამე არსებობდა, ვერ მოგვარდა, ხოლო სექტორს და თავად სახელმწიფო უწყებებს უამრავი ახალი დაბრკოლება შეექმნათ.
- დაზარალდნენ ადამიანებიც, რომლებიც ამ სექტორში იყვნენ დასაქმებულნი - საშუალო ფენა.
- განსაკუთრებით მუნიციპალიტეტები დაზარალდნენ. მაგალითად, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს დასაწერი საშუალოვადიანი სტრატეგია. თუ შეადარებთ იმ მუნიციპალიტეტების დოკუმენტების ხარისხს, სადაც დონორი ეხმარებოდა და სადაც - არა, განსხვავება თვალსაჩინოა. დღეს ეს რესურსები მინიმუმამდეა დაყვანილი. ბევრმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო პირდაპირი გრანტების მიღება, მაგალითად ენერგოეფექტური საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. მთლიანობაში, ამ პროცესმა ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, ხოლო სანაცვლოდ რა მოიტანა - ამაზე პასუხი არ მაქვს.
- პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1.5 წლის წინ მთავრობის ინიციატივით დაფუძნებული „გრანტების მართვის სააგენტო“ უქმდება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან NGO-ების დაფინანსება არასწორად მიაჩნიათ. ორი წლის წინ აცხადებდნენ, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან, ბიუჯეტიდან ორმაგად დააფინანსებდნენ. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?
- მიჭირს თქმა, რით არის [მთავრობის გადაწყვეტილება] განპირობებული. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც კი, ეს მათთვისვე არ არის მიზანშეწონილი. პატარა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში უამრავი ადამიანია ჩართული ისეთ სფეროებში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არ არის - ესაა სოციალური, სამედიცინო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები და ა.შ. როდესაც საჯარო სექტორი სოციალური სერვისების (მაგალითად, მოხუცებულთა თუ ბავშვთა მოვლის) აუტსორსინგს ახდენს, ეს ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკაა. თანამედროვე პირობებში ასეთი ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ საჯარო კონტრაქტებშიც, სადაც ღია ტენდერების საფუძველზე გაიცემა სერვისები.
- ხომ არ ჩათვალა მთავრობამ, რომ რადგან ძალაუფლებას პირდაპირ ბიუჯეტიდან ფლობს, მას აღარ სჭირდება თუნდაც მის მიმართ ლოიალურად განწყობილი NGO-სექტორი?
- რა არის რეალური მოტივაცია, არ ვიცი, თუმცა ეს, როგორც მინიმუმ, სრული არათანმიმდევრულობაა. ზუსტად ერთი წლის წინ, გრანტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სხვადასხვა ეთერში დიდი გეგმების შესახებ საუბრობდა. რა შეიცვალა ამ არასრულ 7-8 თვეში, გაუგებარია.
























