"მშპ-სთან მიმართებით განათლების დანახარჯების წილი, რა თქმა უნდა, არის შედარებით მცირე მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი გადასახადები, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა სექტორში მშპ-სთან წილზე, - "მთლიანობაში, ჩვენ მეოთხედსაც არ ვკრეფთ გადასახადების სახით ჩვენი ეკონომიკიდან, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გადასანაწილებელიც ნაკლები თანხაა", - დასძინა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლების სფეროში დანახარჯების გაზრდა, ვინაიდან პირდაპირი უკუგება აქვს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას, თუმცა ეს ინვესტიცია უნდა იყოს კარგად გააზრებული.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც განაპირობებს შედარებით დაბალ წილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლების სფეროში დანახარჯების გაზრდა, იმიტომ რომ პირდაპირი უკუგება აქვს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია უნდა იყოს კარგად გააზრებული და არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ამაში ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობ,“- აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, კობახიძე შეეხო „გრანტების შესახებ“ კანონსაც და განათლების მიმართულებით საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შესული საგრანტო განაცხადების წარმატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 95%.
„რაც შეეხება იმას, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და გარდა ამისა, რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოდის საგრანტო განაცხადები და წარმატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 95 %. რაც შემოდის საგრანტო განაცხადები, იმის 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული, შესაბამისად შესაბამისი საგრანტო დაფინანსება წარმატებით განხორციელდა. ამიტომ აქ რეალურად კითხვის ნიშნებისთვის საფუძველი არ არსებობს,“- აღნიშნა პრემიერმა.




























