ანალიტიკური ცენტრი „საერთაშორისო გამოცდილება - საქართველო“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ანუ ე.წ. „რუსული კანონის“ მოქმედების ქვეშ ექცევა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას არ აპირებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) არის დამოუკიდებელი, არამოგებიანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოში. WEG-ის მიზანია, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
მურმან მარგველაშვილისთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია შეურაცხმყოფელია, ამიტომ თავისი ნებით რეესტრში არ დარეგისტრირდება, ხოლო თუ ძალით დაარეგისტრირებენ, მოუწევს საქმიანობა შეაჩეროს.
“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროცესზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა იმის საილუსტრაციოდ, როგორ დააზიანებს "რუსული კანონი" საქართველოს.
- გარკვეული პროექტები დაგვიმთავრდა. ახალი პროექტები ძალიან მცირეა. დონორები მოლოდინის რეჟიმში არიან. მიმდინარე პროექტებს ასრულებენ და ახლების დაწყებისგან თავს იკავებენ, რაც სავსებით გასაგებია, რადგან შენ თუ უცხო ძალად გაცხადებენ და ა.შ. ისინიც შეცვლიან მიდგომას. მაგალითად, USAID-ი მუშაობს შუა აზიის ავტორიტარულ ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი USAID-ს მტრად არ აცხადებენ, პირიქით, ცდილობენ, დახმარებები მიიღონ და გამოიყენონ. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც დონორს მტრად და უცხო ძალად აცხადებ, ბუნებრივია, ამ პროექტების განხორციელება არ გამოვა. იგივე შეგვეხება ჩვენ. ჩვენ თუ ვართ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი, გამოდის, რომ ჩვენი მთავარი საქმიანობა რაც არის, მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა, ანალიტიკური უზრუნველყოფა, ხელშეწყობა სტრატეგიული დოკუმენტების და კანონების შემუშავება, ეს როგორ გამოვა?! მაგალითს გეტყვით, პარლამენტმა {2024 წლის 28 ივნისს} დაამტკიცა "საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის" დოკუმენტი, რომლის შექმნაშიც ვმონაწილეობდით. დაფინანსების წყარო USAID-ი იყო. ჩვენ თუ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ვართ, USAID-ი კი - უცხო ძალა, მაშინ ეს დოკუმენტი არ უნდა იყოს გამოყენებული.
- რამდენადაც ვიცი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდებით...
- დიახ. ჩვენ ნებაყოფლობით არ დავრეგისტრირდებით და თუ ძალით დაგვარეგისტრირებენ, მოგვიწევს საქმიანობის შეჩერება, რადგან აზრი დაეკარგება ჩვენს საქმიანობას - იარლიყით, რომ ვართ უცხო ძალა, სამინისტროში ვერ მივალ და იმ ხალხს ვერ დაველაპარაკები...
- თავად სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთანაც გიწევთ თანამშრომლობა - ვგულისხმობ ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებს, როგორ წარმოუდგენიათ თანამშრომლობა?
- ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სპეციალისტებთან და არა პოლიტიკური დონის გადაწყვეტილების მიმღებებთან. სპეციალისტებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ამ ურთიერთობების შენარჩუნებას ვაპირებთ...
- „რუსული კანონის“ გამო შექმნილი მდგომარეობა არ აწუხებთ?
- რა თქმა უნდა აწუხებთ, მაგრამ ვერიდებით საუბარს, რადგან ისინი საჯარო სამსახურში არიან და გარკვეული წნეხი მაინც იგრძნობა...
- რომელიმე სამინისტროსთან მიმდინარე პროექტი გაქვთ?
ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს ერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც ენერგოეფექტიანობის მიმართულებით სახელმწიფოს დახმარებას გულისხმობს. ჩვენ ვეხმარებით მთელი სისტემის აწყობაში, თუ როგორ უნდა მოხდეს შენობების ენერგოეფექტიანობის მონიტორინგი და შეფასება, რადგან ევროდირექტივების და კანონის მიხედვით გვევალება. გარდა ამისა, გვაქვს ევროკავშირის პროექტი „ჰორაიზონი“, რომელიც არის კვლევის და ინოვაციის მთავარი პროგრამა და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლები აფრიკაში არიან და ალბათ მოგვიწევს, ასეთ პროექტებსაც თავი დავანებოთ.
არცერთ მთავრობას არ გაუბედავს კურსის შეცვლა, ექსტრემალურ მდგომარეობაში ვართ - მარგველაშვილი